ახალი წელია და ჩემი სენტიმენტები სხვანაირად "ინთება" აქ, ამერიკაში.
მე ქართველი კობის, გრიგოლ კობახიძის გამოგონებულ ნაძვის ხის მინის
სათამაშოებზე მეფიქრება.
მან რომ გამოიგონა და ამერიკას ფუჩეჩით გაკეთებული თოჯინების ნაცვლად
პირველი მინის სათამაშო აჩუქა, ეს ისედაც იგუგლება ინტერნეტში.
მაგრამ, აი, ჩემი ეს აღმოჩენა, დღემდე ელოდება დღის სინათლეს.
1934 წელს ამერიკაში გამოსულ მის მინის სათამაშოებზე შვლის ნუკრის
ამბავია მოყოლილი. და ეს უიშვიათესი, აი, ძალიან უიშვიათესი
საკოლექციო გამოცემაა.
მე მას 15 წელი კარდაკარ ვეძებდი, მეხუთე წელია ჩემს პირად
კოლექციაშია და ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოშია
გამოფენილი, თუ დათვალიერება გსურთ.
რატომაა უიშვიათესი?
ვაჟა-ფშაველამ "შვლის ნუკრის ნაამბობი" 1886 წელს დაწერა,
ხოლო ეს ნახატი ამერიკის საახალწლო სათამაშოებზე 1934 წელს გაჩნდა -
დისნეის ცნობილი ბემბის მუტფილმის გამოსვლამდე მთელი რვა წლით
ადრე.
მე კი მგონია, მაგრამ თქვენც დამიდასტურეთ, ხომ შეიძლებოდა ეს
სათამაშო და ვაჟას ის მოთხრობა გამხდარიყო ინსპირაცია 41 წლის უოლტ
დისნეისთვის?
ორი სიტყვაც ჯორჯ კობზე, ინტერნეტი რომ გადავსებულა ათასი ჭორ-მართალი
ცნობებით:
1920-იანი წლების მულტიმილიონერი იყოო..
უპოვართ აპურებდაო…
მინის ორნამენტები გამოიგონაო.
ეს ყველაფერი ჩვენს სიამაყეს კვებავს და ამის იქით არც არაფერი
გვაინტერესებს. მეტი სიღრმეში ჩაყოლა წლებია არც გვიფიქრია, უკვე
ათეულ წელზე მეტია ქართველი მეცნიერები ერთი და იგივეს იმეორებენ.
არადა, საამაყოს, თურმე რა გამოლევს.
აი, ეს კობი, გრიგოლ კობახიძე, რაჭის სოფელს თხმორში დაბადებული
ბიჭუნა, მილიონერი ნამდვილად არ ყოფილა, ამერიკის მდიდართა ხუთეულში
კი არა, ასეულშიც არასოდეს მოხვედრილა მისი სახელი, მაგრამ, აი,
საამაყო მართლა ბევრი დაგვიტოვა.
ვინც ვაშინგტონში ორი კვირით მაინც ჩაუჯდება საპატენტო ოფისის
დავთრებს და არქივებს, აი იქიდან "გაბღენძილი" სიამაყით გამოვა.
რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ამერიკაში საწერი კალმები რომ გამოიგონეს, ხარვეზები ახლდა. ვერაფრით
არეგულირებდნენ, რომ მელანი მხოლოდ დაბლა წამოსულიყო და ჰაერის
ბუშტულაკები არ წარმოქმნილიყო. აგრეთვე, მელანი არც ზემოთ წამოსულიყო.
ეს ფორმულა ჩვენმა რაჭველუკამ, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდამ,
გამოიგონა.
რა იცოდა, რომ იმ მაშინდელი ფორმულით გაიკვლევდა გზას უფრო დიდ
ლაბირინთში. ვენაში პარენტერალური გზით გასაკეთებელ ამპულებში როგორ
ჩაესხათ წამალი ისე, რომ ჰაერი არ მოხვედრილიყო. ამპულის მინის
ჩამოსხმის ფორმულა თავიდან ბოლომდე მისი გამოგონებულია.
ფლორიდაში მისი ნაცნობი, ადისონ მაიზნერი ხალხის დასახლებას გეგმავდა.
ტენიანი, მაგრამ ტროპიკული ფლორიდა, ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა მეორე
სამოთხედ ქცეულიყო. მინის გამძლეობის ფორმულაზე ერთად დაიწყეს მუშაობა
მწერალმა გიორგი პაპაშვილმა და კობიმ.
კობიმ მინის გამძლეობის ფორმულაც გამოიგონა და წყალგამძლე ცემენტიც,
ხიდების და გვირაბების მშენებლობისას დღესაც რომ იყენებენ.
სასაუბრო მის ასეულ გამოგონებაზე და პატენტზე, ყოველდღიურობა
რომ ვერ წარმოგვიდგენია უმისოდ, კიდევ ბევრია, მაგრამ ახლა კარს ახალი
წელი მოგვდგომია და სანამ საათი თორმეტს ჩამოკრავს, ნაძვისხეზე რომ
მინის სათამაშოს მივაბნევთ, გაგვახსენდეს, რომ მსოფლიოს ის ქართველმა
მისცა.
მასალის გამოყენების პირობები