შეიძლება დღეს ძალიან ცოტას თუ ახსოვს, რომ მსოფლიო კინოს მრავალი
შედევრის, ისეთების, როგორიცაა 1940 წელს ჰოლივუდში გადაღებული "ზოროს
ნიშანი" და უფრო ადრე, 1933-ში ეკრანებზე გამოსული "დედოფალი
ქრისტინეს" რეჟისორი თბილისში დაბადებული ხელოვანი, მამულეთით
მუხრანელი, რუბენ მამულიანია.
15-მდე მსოფლიო შედევრი, დირექტორთა გილდიის ჯილდო, ვარსკვლავი
ჰოლივუდ-ბულვარზე, - ეს მხოლოდ მშრალი ჩამონათვალია.
მე არ მოვყვები მის ბიოგრაფიას, დედა რომ თბილისის სომხური თეატრის
მსახიობი იყო და მამა ტფილისელი ბანკირი.
არც იმას, რომ მის სახელს უკავშირდება ჰოლივუდში მუნჯური ფილმის
გარიჟრაჟზე ორი მიკროფონისა და ორი კამერის დამკვიდრება - მან
პირველმა განახორციელა ხმის სინთეზური ჩაწერა ორი მიკროფონით და
გამოიყენა ორი კამერა, რითაც ერთ მოქმედებას დამატებითი ხედვის კუთხე
შესძინა. მისი "ზოროს ნიშანის"ვერცერთმა შემდეგ გამოსულმა ვერსიამ
შეძლო გადაეფარა ის ნოვატორული ხერხი და შთაბეჭდილება, რაც მის ფერთა
გამაში, მის წითელში გამოიხატა.
მაგრამ არის ერთი რამ, რაც ჩემთვის საინტერესოს ხდის ამ სახელსა და
გვარს.
და მისი საქართველოსადმი, თბილისისადმი სიყვარულით, კითხვის ნიშანსაც
არ ვუსვამ მის ქართველობას.
ამ ყველაფერს პირად საუბრებში მიყვებოდა სიკვდილამდე რამდენიმე თვით
ადრე "ილუზიონის" ლეგენდა ოთარ სეფიაშვილი. ვიჯექით მის ნიუ-იორკულ
მყუდრო ბინაში და ზამთრის გრძელ ღამეებს თეთრად ვათენებდით.
1960-ში, პირველად რომ შეხვედრია ოთარი მოსკოვის კინო-ფესტივალზე,
რუსულად ესაუბრებოდა თბილისზე, მის აღმართ-დაღმართიან რიყის ქვით
მოკირწყლულ ქუჩებზე, მტკვარსგაღმა კლდეზე გადმოკიდებული აივნიანი
სახლები ისევ თუ დგასო. გაუხსენებია თავისი მამულეთი - მუხრანი და,
უცბად, მოულოდნელად ქართულად მოუყოლებია:
"როცა მუხრანში დიდედასთან ჩავიდოდი და ორღობეში გავივლიდი (ეს
"ორღობე" სპეციფიკურად ქართულად, რაღაც თავისებური ხაზგასმით
წარმოუთქვამს), მეზობელი დედაკაცები ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ: -
მამულაანთ კატოს შაქროს ბიჭი მოდისო".
გაოცებისგან პირი დამრჩა ღიაო, მიყვებოდა ოთარი. შემდეგ მითხრაო:
დიახ, აგერ ორმოცი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და არ დამვიწყნია
ქართულიო. პაპაჩემი და დიდედა (მამის მხრიდან) ისევე როგორც ჩვენი
ოჯახის ბევრი ახლობელი და ნათესავი, "მამულაანთნი" ქართულად
ვმეტყველებდითო.
1971-ში რუბენ მამულიანს თბილისში ჩასვლის ნება დართეს. სასტუმრო
"ივერიის" ოთახში ოთარი მაშინ შესულა, როცა მამულიანი წიგნში,
ფურცლებშუა საგულდაგულოდ აწყობდა ხის ფოთლებს. "გუშინ მუხრანში
ვიყავი, ჩემს მამულეთში, პაპაჩემის ნასახლარზე ხეხილის ფოთლები
დავკრიფე, მინდა თან წავიღოო" - თავი უმართლებია ოთართან.
რუსთაველზე გაუსეირნიათ. ოპერის თეატრთან შადრევანს დაეწაფა თურმე. -
აქაურს წყალსაც კი სხვა გემო აქვსო, - საერთოდ, რა გინდაც გაიზარდოს
თბილისი, მაინც გამორჩეული კოლორიტის ქალაქად დარჩებაო.
მერე რუსთაველის თეატრში შესვლა უთხოვია. იმხანად რუსთაველის თეატრში
ხანძრის შემდგომი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. სცენის
ოქროცურვილი ჩუქურთმიანი ჩარჩოდან თაბაშირის პატარა ჩამონატეხი
შეუნიშნავს ძირს დაგდებული. დახრილა და აუღია. უკითხავს - თუ შეიძლება
თან რომ წავიღოო.
მერე ხელსახოცში გამოკრა ის ნატეხი, სწორედ იმ ყაიდაზე - რასმე
ძვირფასს რომ გამოკრავდნენ ხოლმე ძველად.
სიკვდილამდე, გულისჯიბეში გამოკრული ჰქონია ეს ქართული თილისმა
მსოფლიო კინოს ლეგენდას, რუბენ მამულიანს.
მასალის გამოყენების პირობები