აი, ეს ლექსი, მურმან ლებანიძის შედევრია. მისი შედევრობა
დაადგინა დრომ… ლექსის ბოლოში მიწერილმა თარიღმა, სულ ოთხმა
ციფრმა.
ვის, თუ არა მურმან ლებანიძეს, ცხადად ესმოდა გალაკტიონის ერთი ლექსი,
ძახილის ნიშნებით გადმოცემული ლექსი თუ წესდება:
"ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ -
დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ!
ბევრი მიეცა ტალახსა და ლექს,
ბევრის ნაბიჯი არის ტაატი,
დრო, დრო აღნიშნე! მოაწერე ლექსს -
ეს წელიწადი, დღე და საათი!"
უდროობაში, პოეზიაც განწირულია და პოეტიც. თუ მომავალ თაობებში
გადასაძახებელი არ წამოიყვირე, ვიწრო დროის, მედროვე პოეტად
დარჩები.
აი, ორმოცდაშვიდი წლის წინათ ნათქვამს რომ წააწყდები წიგნის ფურცლებზე
სასხვათაშორისოდ, და სკამიდან წამოგახტუნებს, წუხანდელი დაწერილი და
მელანშეუშრობელი სტრიქონები რომ გეგონება, - აი, ესაა შედევრი.
ახლა, როცა ქართული სოფლები ერთმანეთზე მიყოლებით იცლებიან,
დედაქალაქი დაემსგავსა დიდ თავკომბალას, მხრჩოლავ მწეველს; მიწის
გაყიდვაზე გავყვირივართ და მიწაზე მომუშავენი მხოლოდ უცხოელები არიან;
გულზე მჯიღს ვიცემთ, - სვანეთში ირანელები და ჩინილები დასახლდნენო,
კარტოფილი მოყავთო…
და ამ დროს წიგნის გახუნებულ გვერდებზე კითხულობ წინასწარმეტყველ
სტრიქონებს პოეტისას:
"ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს!"
ყოველთვის, როცა ლექსის ქვემოთ თარიღს ვკითხულობ, ძალაუნებურად
მახსენდება პაოლო იაშვილის ერთი ლექსი, რომლის გენიალურობა იმაშია,
რომ თვითმკვლელობამდე 11 წლით ადრე იწინასწამეტყველა მისი ბოლო.
ტიციანის ხვედრიც კი, რომელიც მისი დაცვისათვის დასაჯეს.
"ვინ იცის, ეგებ, შენი თრევა მიყივლოს ენამ,
იყოს აგრეთვე მოშხამული ჩემი ძმის ხვედრი,
მიტოვებული, დავარდნილი, ღვთის ანაბარად,
ეგებ შენსავით იგი ერთხელ ჩაიქცეს ღრეში,
დაიტირებენ შენს პაოლოს კოლხეთის ბარად
ჟუჟუნა წვიმა ჩვენი ყანის და რბილი ხრეში".
ასეთი თარიღიდან ამოსასვლელი ლექსია მურმან ლებანიძის "მეშინია!",
1971 წელს დაწერილი დღევანდელობის ლექსი, მომხდარი და ასრულებული
შიში.
მურმან ლებანიძე - მეშინია
ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა ეს პარტახი საიგავო,
მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს!
შქმერს სათიბზე არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს, ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს!
ეს სხიერი, ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო, არ ჩააქრო! - გაფიცებდი.
არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი! -
დამიხსომე, ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე, განჯღრევდი და გაღვიძებდი!
მასალის გამოყენების პირობები