გარდასულ წლებში მოხუცთათვის რომ გეკითხა, რა მოხდა
ისეთი ორ მაისს ქუთაისშიო, დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს
ამბობდა.
ყველა ზეიმსა და დღესასწაულს რაღაც სიმბოლური დატვირთვა
გააჩნია, ან რაღაც ღირსსახსოვარ თარიღთანაა ის უსათუოდ
დაკავშირებული. დედამიწაზე არ მოიძებნება კალენდარული
დღე, რომელსაც თავისი ისტორიული, რელიგიური ან სხვა
მნიშვნელობა არ ჰქონდეს.
ერთადერთია ასეთი თარიღი და ისიც ქუთაისში, რომელსაც არ
გააჩნია თავისი წარმომავლობის სპეციფიური
წანამძღვრები.
ორი მაისი...
ერთი რამ ტრადიციად დამკვიდრდა - ორმაისობას აუცილებლად
იმართება საყოველთაო სეირნობები საღორიის ტყეში. ეს არის
და ეს.
განა ცოტა უმნიშვნელო დეტალი ასახავს ქუთაისს? დღეს რაღა,
მაგრამ გარდასულ წლებში მოხუცთათვის რომ გეკითხა, რა მოხდა
ისეთი ორ მაისს ქუთაისშიო, დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს
ამბობდა.
ნაბოლშევიკარი პენსიონერები იმას ამბობდნენ, რომ ამ დღეს
ჟანდარმებმა ქუთაისში საპირველმაისო მიტინგი
დაარბიესო; დენდები ასე იტყოდნენ, ამ დღეს ყველაზე
დიდი სუფრა გაიშალა და ქალაქში რომ არ დაეტია, საღორიის
ტყეში სუფთა ჰაერზე გაშალესო; მსახიობები იმას
ამბობდნენ, რომ ორ მაისს ქუთაისში ყველაზე მნიშვნელოვანი
პრემიერა ჩატარდაო; მწერლები ვიღაც მწერლის რაღაც
შედევრზე იტყოდნენ, ეს დაიწერაო; ვაჭრები ყველაზე
სარფიან ნავაჭრ დღედ მონათლავდნენ ამ დღეს.
ერთის სიტყვით, ორმაისობა ყველა ქუთათურისთვის
თავისებურად აღქმადია. ის კონკრეტული პროფესიის,
საზოგადოებრივი ფენის, ეროვნების თუ კონფესიის
წარმომადგენლის განსაკუთრებული დღე არაა. ის ქუთაისის
დღეა და მთელმა საქართველომ ამის შესახებ იცის. ორმაისობას
ქუთაისი ნებისმიერი ჯურის სტუმრისთვის განსაკუთრებული
მასპინძელია.
და მაინც: რატომ საყოველთაო სეირნობები და ისიც ტყეში და თუ
სეირნობები, რატომ მაინცა და მაინც ორ მაისს. ნუთუ სამ
მაისს ვერ ისეირნებდნენ? ან თუ სეირნობა, რატომ მაინცა და
მაინც საღორიის ტყეში?
ამაზე რომ პასუხი გავცეთ, ქუთაისის ტვინში უნდა
ჩავიხედოთ. ამას კი მხოლოდ თავისი ქალაქის უაღრესად
მოყვარული შესძლებს. მე ისე ვერ გავკადნიერდები, რომ ასეთად
ჩავთვალო თავი, თუმცაღა ჩემი სიყვარული ჩემი ქალაქის
მიმართ უაღრესია, მის ტვინში კი ჯერ არ ჩამიხედნია, - ალბათ
არც მიცდია.
ბულონის ტყეშიც სეირნობენ ფრანგები, მაგრამ საამისოდ
კონკრეტული დღე არ დაუწესებიათ - ვისაც როდის უნდა, მაშინ
სეირნობს. ამისთვის დღესასწაულის რანგში არც ერთი დღე არ
გამოუყვიათ წელიწადში. ამ უცნაურობაშიც ვლინდება
ქუთაისის უნიკალობა.
მაგალითად, თბილისობა ხელოვნურად შექმნილი დღეობაა და
ჩვენს ეპოქაში შეიქმნა და ვიცით, რატომაც. საქმე იმაში
გახლავთ, რომ ორმაისობა ქუთაისობა არაა. მას მხოლოდ
საქმეში ჩაუხედავები აიგივებენ.
ქუთაისობა, როგორც ასეთი, არ არსებობს და რომ შეიქმნას და
თუ შეიქმნა, თბილისობასავით ხელოვნური დღეობა იქნება და
რაც მთავარია, უტრადიციო. ორმაისობას კი თავისი ძირძველი
ტრადიცია გააჩნია, რომლის დარღვევა იმას ნიშნავს, რომ
უგულებელჰყო ეს ზეიმი. საღორიის ტყეში - თუნდაც ყირამალა
დადექი, მაინც იზეიმებ, სხვა შემთხვევაში თავისი პეწი
ეკარგება ზეიმს. ერთხანს დოღიც იმართებოდა, ძაღლების
შეჯიბრიც, სპორტული კროსი და სხვა მსგავსი
ღონისძიებები.
ორმაისობა ყველას უხარია და რა უხარიათ, არ იციან.
ქვეცნობიერში თუ ჩავიხედავთ, ამ დღეს სიცოცხლე უხარიათ,
თვით სიხარული უხარიათ. ყველა ქეიფობს, ყველა ულოცავს
ერთმანეთს! ულოცავენ და ქეიფობენ იმას, რომ ცოცხლები არიან
(ეს ახლა), რომ არსებობს რაღაც იდუმალი მიმზიდველობა,
ერთმანეთისკენ რომ იზიდავს ერთმანეთის შეუთავსებლებსაც
კი.
არქიმედე ამ დროს საყრდენს ეძებდა, დედამიწა რომ
გადაეტრიალებინა, არადა, არ იცოდა, როგორი მიწიერი
საყრდენია ქუთაისი ყველანაირი ახირებული იდეის,
ყველანაირი თავქარიანი წამოწყების, ოღონდ თვითონ
ქუთაისი არ უნდა გახადო ყველაფერ ამის მედროშედ და
ეპიცენტრად. საყრდენი, და არა სათავე, ან მოთავე - ესაა
მთელი ქუთაისი თავისი არსით, თორემ სხვაფრივ გინდ ქვეყანა
გადაატრიალე, გინდ დედამიწა, და თუ გინდა ზეცაც, მისთვის
ეს სულ ერთია, ყველაფერში მხარს აგიბამს, დაგეხმარება.
ამიტომ არ ჩანს ორმაისობის სათავე, მაგრამ ორმაისობა
არსებობს და განაგრძობს არსებობას მხოლოდ ქუთაისში, რადგან
ქუთაისში ნახა საყრდენი. ყველაფერი იმიტომ ხდება ასე, რომ
მოქალაქეების განზოგადებული პორტრეტია ის. არაა მასში
გამოკვეთილი სახელები და გვარები (თუმცაღა, თუ
დავკონკრეტდებით, მთელი წყებაა ადამიანთა, რომლებმაც
თავისი ღირსეული და უცვლელი ადგილი დაიმკვიდრეს
ქუთაისის ცხოვრებაში, ისინი არათუ მხოლოდ ქალაქის, თვით
ეპოქის კოლორიტებად იქცნენ).
როცა ქუთაისზეა საუბარი და არა კონკრეტულ პიროვნებებზე,
მხოლოდ მაშინ აღიქვამ მას მთელი სიგრძე-სიგანით, რამეთუ
ისინი თავისთავად ჩაქსოვილნი არიან ქალაქის
სახისმეტყველებაში და რომელიმე მათგანი რომ ვახსენო,
გამოიყოფა მხოლოდ ქუთაისის ერთი მცირედი დეტალი და
დაირღვევა მთლიანობა, თვალს ვერ გავადევნებთ მის
სრულმომცველ ფსიქოლოგიას.
მერე რა, რომ ქალაქმა განიცადა ინტელექტუალური
გენოციდი და დარჩა დაცარიელებული და ფაქტობრივად
უფუნქციოდ, ამაშიც კი ქუთაისი შეუდარებლად მდიდარია,
რადგან ყოველთვის ფენიქსივით წამოიმართება მაშინ, როცა
მის ფეხზე დადგომას აღარავინ ელის. ამაშია სწორედ მისი ძალა.
თუ ხდება ინტელიგენციის პერმანენტული გადინება
ქალაქიდან, სამაგიეროდ ულევი მადანივით იბადებიან
ახალი ძალები, რათა ისევ კვებონ სულიერებით სატახტო
ქალაქი, რათა მოთხოვნილება ქუთაისზე არასოდეს
გაქრეს.
ყველაზე უცნაურად სასაცილო სანახაობაც ქუთაისშია,
შეიძლება სხვაგანაც, მაგრამ აქაურს მაინც თავისი აზარტული
მიმზიდველობა გააჩნია - ღამის ქუთაისი. ის მკვდარივით
თვლემს, თითქოსდა საშინელებათა ფილმების მსგავსად
შებინდებულზე უკაცრიელდება მთელი ქალაქი. მხოლოდღა
ახლადგარემონტებულ-რესტავრირებული ქუჩებია
განათებული უკანასკნელ კენჭამდე. შენობათა თითოეულ
სვეტს დაყენებული აქვს პროჟექტორი და ბრჭყვიალებენ
შენობის კონტურები ღამის სიბნელეში.
ლამაზია ღამის ქუთაისი და მით უფრო გადმოსახედი, სადაც დავით
აღმაშენებლის ძეგლია აღმართული მაღალ პიედესტალზე.
მართალია დიდი მეფის ძეგლი მეტალში ჩამოსხმული ღამის
ბურუსში იკარგება და უჩინარდება, სამაგიეროდ პიედესტალს
ხვდება შუქი, უფრო სწორად გამონაშუქის ანარეკლები და ასე
გგონია, ქალაქის თავზე სტელა აღუმართავთ ვიღაცის ან რაღაცის
განსასვენარით.
ქუთაისში, მსოფლიო ადამიანებიც მკვიდრდებიან! და ამას მესამე წერილში
მოგითხრობთ.
მასალის გამოყენების პირობები