ბლოგები
ეკა კუხალაშვილის ბლოგი – პატრიოტი სექსმუშაკები და ცურვა დინების წინააღმდეგ
FaceBook
ამ ამბის გახსენება ყოველთვის მიყვარს. ჩემს ლექტორს გადახდა. უფრო სწორედ ამ ამბის მოწმე შეიქნა, გასული საუკუნის 70-იან წლებში, რიგაში მოგზაურობისას.

ერთ საღამოს რიგის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანს წვევია. იქ რუსი სამხედროები ქეიფობდნენ. რუსებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი შეუკვეთეს ორკესტრს და გუნდურადაც დაამღერეს. რესტორანში რამოდენიმე ქალი იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა სექსმუშაკები. ჰიმნის შემდეგ ეს ქალები შეჯგუფებულან და რაღაცაზე გაცხარებული საუბარი გაუბამთ, მერე ერთ-ერთი ორკესტრთან მისულა და რაღაც შეკვეთა მიუცია.
საბოლოოდ ყველა მინისცენაზე განლაგებულა და ორკესტრთან ერთად ლატვიურ ენაზე რაღაც სიმღერა შეუსრულებიათ. ამ სიმღერაზე დარბაზში მყოფ ლატვიელებს ფრიად მგზნებარე რეაქციები ქონიათ, რითაც ძალიან დაუბნევიათ ჩემი ლექტორი. თუმცა მოგვიანებით აუხსნიათ, რომ სიმღერა ჰიმნი გახლდათ, ერთ დროს სუვერენული ლატვიის სახელმწიფო ჰიმნი, რომლებიც სექს-მუშაკებმა რუსი სამხედროების გასაგონად შეასრულეს და საბჭოთა კავშირის ჰიმნს დაუპირისპირეს. მათ გაბედეს ის, რასაც ვერ ბედავდა და ვერ ხვდებოდა მილიონობით და მილიონობით ადამიანი საბჭოთა კავშირში. "ბოზები" კი მილიონებს გამოეყვნენ და მარტო გაცურეს დინების წინააღმდეგ.
დინების წინააღმდეგ ცურვა კი ძალიან რთულია, როგორც ჩანს იმდენად რთული, რომ ვინც ეს სრულყოფილად მოახერხა, ყველას უმაღლესი სტატუსი მიანიჭა კაცობრიობამ – ზოგს გმირი უწოდა და ზოგს წმინდანი.
აქ კი გმირობის (ყოველ შემთხვევაში სამოქალაქო გმირობის) შესატყვისი მოქმედება, საზოგადოების ერთ-ერთმა ყველაზე მარგინალმა წარმომადგენლებმა განახორციელეს.
შეიძლება იმიტომ, რომ მარგინალობა საერთო დინებიდან ამოვარდნილობას და სექს-მუშაკობა თავისთავად დინების წინააღმდეეგ ცურვას გულისხმობს. მართალია ეს შეიძლება სხვა დინება იყოს, მაგრამ ცურვა ხომ სჭირდება? იმ სირთულეების გადალახვა, რთულ პირობებთან მიდგომა, ადაპტირება ხომ უნდა, რასაც დინების წინააღმდეგ ცურვა თავაზობს? შეიძლება ამიტომაცაა მეძავთა შორის ამდენი წმინდანი, ისინი უკვე დგანან ვიწრო გზაზე. წესიერი საზოგადოებიდან მოშორებით. მათ ხომ იმ პატივსა და დიდებაზე უარი უკვე თქვეს, რასაც ეს საზოგადოება თავაზობდა, შესაბამისად აცდნენ ბევრ სიყალბეს.
ისინი დაუკრეფავში გადასულნი არიან, სადაც ცნობადის ხე ხარობს და სადაც ახლო ხედით ჩანს სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. ორივე სრულად შეიგრძნობა, შესაბამისად არჩევანიც უფრო ცხადია. შეიძლება ამიტომაც ამბობს ქრისტე, რომ მეძავებს და სხვა მარგინალებს უფრო მეტი შანსი აქვთ სასუფევლის დაკავების, ვიდრე ფარისევლებს – საზოგადოების საუკეთესო ნაწილად რომ თვლიან თავს.
სექსმუშაკმა იცის ვინც არის, ბევრ ჩვენთაგანზე უკეთ იცნობს ადამიანებს და იცის ბევრი ღირებულების ფასი. მაგალითად, ის რომ მთავარი იდეოლოგიები და რელიგიურობით გამართლებული აკვიატებული აზრები კი არაა, არამედ ადამიანია.
ჩემი მეგობარი ხატია, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს მიყვებოდა ნეოფაშისტებზე, რომლებიც მომრავლდნენ გერმანიაში და ღამღამობით ემიგრანებს და მათთვის "არასასურველ" ადამიანებს აშინებენ და შეურაცხყოფასაც აყენებენ. ჰოდა, ხატია ამბობდა, რომ ყოველთვის ვცდილობ ავტობუსში ან მეტროში სექსმუშაკების ან ტრანსგენდერების (რომელთა ცნობა სპეციფიკური ჩაცმულობით შეიძლება) გვერდით დავჯდე, რადგან ზუსტად ვიცი, რომ გამიჭირდეს და ვინმე შეშლილი ნეოფაშისტი თავს დამესხას, ესენი დამიცავენ, ხმას აიმაღლებენ და არ დაანებებენ ჩემი დაჩაგვრის უფლებასო.
ჰოდა, ეს ჩვენი მეგობარი სექსმუშაკები ჩცდ-მ გამახსენა – "ბოზმა თამუნამ", რომელსაც საზოგადოება არაფრით იღებს და იახლოებს. და რამდენია ასეთი თამუნა ?! თუმცა საზოგადოება მაინც ფრთხილად იყოს, რადგან ისეთ ადამიანებს ეწინააღმდეგებიან, რომელთაც მათზე მეტი შანსი აქვთ გმირი ან წმინდანი გახდნენ.
ეკა კუხალაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.