გენდერული სტერეოტიპები ყოველდღიური პრობლემაა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ახალგაზრდა სოციალისტების აქცია გაიმართა სახელწოდებით "ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა."
პროექტი იმერეთის რეგიონში დაიწყო და ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში გაიმართება.
"პროექტის მთავარი იდეა გენდერული თანასწორობის პრობლემა არის. გენდერული სტერეოტიპები ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემებს გვიქმნის და მთავარი მიზანია მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას. სწორედ, ასეთი პოზიტიური აქციებით, სტუდენტებთან შეხვედრებით და დისკუსიებით შევეცდებით ამ სტერეოტიპის შეცვლას," - ამბობს სალომე ადამია, ახალგაზრდა სოციალისტების პოლიტიკური მდივანი.
შემდეგი აქციის გამართვა სამეგრელოში, ბათუმსა და თბილისში იგეგმება. ამავე საუნივერსიტეტო ქალაქებში, ასევე, ჩატარდება კვლევა, თუ როგორია ახალგაზრდების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის საკითხებზე. კვლევის შედეგები აისახება კვლევის ანგარიშში, რომელიც ოქტომბერში სახელმწიფო სტრუქტურებს წარედგინებათ.
ბაია მიქაბერიძე
მასალის გამოყენების პირობები