მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ზუგდიდის
რეფერალური საავადმყოფოს მე-4 სართულიდან გადმოვარდა, სტაბილურად
მძიმეა.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში
განუცხადეს.
მედიკოსების ცნობით, პაციენტი II დონის ინტენსიურ მკურნალობაზე
იმყოფება.
"დღეს მოეხსნა მართვითი სუნთქვა, საკონტროლო კტ-კვლევა გაუარესების
გარეშეა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე," -
აცხადებენ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.
3 წლამდე ასაკის მცირეწლოვანი 2017 წლის 28 აგვისტოს დილით ზუგდიდის
რეფერალური საავადმყოფოს მე-4 სართულიდან გადმოვარდა. ზუგდიდიდან ის
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში
გადმოიყვანეს.
ექიმების განმარტებით, მცირეწლოვანი კლინიკაში მართვითი სუნთქვით
მიიყვანეს. ის უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. აღენიშნებოდა
პოლიტრავმა, ორივე მენჯ-ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ქალატვინის
დახურული ტრავმა, თუმცა ნეიროქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა.
მცირეწლოვანს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა.
დაშავებულის ახლობლების თქმით, ბავშვს დედა სადილს უმზადებდა, როცა
სამი წლის ბიჭი ფანჯრის რაფაზე აძვრა და გადავარდა.
შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლითაა
აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანრთელობის მძიმე დაზიანებას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები