ქუთაისის მერია საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ მათზე
სართულის დაშენების ან გადახურვის შედეგად დაზიანდა,
რეაბილიტაციას ჩაუტარებს.
შესაბამისი წესი, რომელიც ქალაქის მერიას უფლებას აძლევს ასეთი
სახლები შეაკეთოს, ქუთაისის საკრებულომ 2017 წლის 11 აგვისტოს, 34-ე
რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
"წესში შევიტანეთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იქ, სადაც სახელმწიფომ
დააშენა დამატებითი სართული ან მისი ჩარევით მოხდა რამე და დაზარალდა
მოსახლეობა, სახელმწიფო ერთჯერად რეაბილიტაციას ჩაუტარებს", -
განაცხდა საბინაო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ ნაკაშიძემ საკრებულოს
სხდომაზე.
ქალაქის მმართველი გუნდის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე
რამდენიმე თვით ადრე ამ წესის მიღება, საარჩევნო პერიოდს
დაუკავშირა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ.
მისი თქმით, ამ გზით ხელისუფლება კონკრეტული ადამიანების გულის
მოგებას ცდილობს.
"ის ცვლილება, რომელიც შედის ამ წესში, ჩემთვის გაუგებარია. ორ
თვეში საკრებულოც ასრულებს თავის უფებამოსილებას, მერიც და მისი
გუნდიც და ამ საკითხის შემოტანა რას ემსახურება არ ვიცი. მე მაინც
მგონია, რომ ალბათ, ვინმეს აქვს დაზიანებული სახლი და მისი გულის
მოგება გინდათ ამ საარჩევნოდ",-განაცახადა სხდომაზე ნატო
ქათამაძემ.
საბინაო სამსახურის უფროსმა სახლის შეკეთებით დაინტერესებული
კონკრეტული პირის არსებობა უარყო, დეპუტატი კი არაკომპეტენტურობაში
დაადანაშაულა და განცხადა, რომ ის, რასაც ქალაქის ცენტრში
მანსარდებიდან ჩასული წყლის გამო მოსახლეობის დაზიანება ჰქვია,
ქალაქმა წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო.
"ჩვენ მემკვიდრეობით შეგვხვდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წინა
ხელისუფლების მიერ ე.წ. რეაბილიტაციის პერიოდში გადახურულ სახლებზე
დადგმული დამატებითი სართულები, რომლებსაც არ აქვს ასასვლელი კიბე. იქ
ჩადის წყალი და ზარალდება ამხანაგობა, რომელთა არანაირ ინეტრესში არ
შედიოდა მათ სახლებზე სართულების დამატება", - განაცხადა ვლადიმერ
ნაკაშიძემ.
სამსახურის უფროსის ამ განცხადებამ გააღიზიანა საკრებულოს "ნაციონალი"
დეპუტატი, გია უკლება. მისი თქმით, სინამდვილეში ხელისუფლება ვერ
უვლის ქალაქის ცენტრს და ამიტომ ეძახის მძიმე მემკვიდრეობას მის
რეაბილიტაციას.
"ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციას რომ მძიმე მემკვიდრეობას ეძახით და
ვერ უვლით მას, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ გლახაკი ხელისუფლება.
სირცხვილია, როდესაც საბინაო სამსახურის უფროსი ამბობს იმას, რომ წინა
ხელისუფლებისგან დაგვხვდა რთული მემკვიდრეობაო და მაგალითი მოყავს
ქალაქის რეაბილიტირებული ცენტრი. 5 წლის თავზე აღმოაჩინა თურმე, რომ
იქ წყალი ჩადის. ეს მეტყველებს მათ არაკომპეტენტურობაზე და
უსინდისობაზე",-განაცხადა გია უკლებამ.
ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთ სახლზე დაშენებულ
მანსარდს რეაბილიტაცია გასულ წელს,
არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩაუტარა.
მაშინ ქალაქის მერი, შოთა მურღულია ამბობდა, რომ შესაკეთებელი
მანსარდი, რომელიც არავის სახელზე არ იყო რეგისტრირებული, საკითხის
საკრებულოს სხდომაზე გატანამდე რამდენიმე დღით ადრე დაირეგისტრირა
ქალაქმა.
მაშინაც, საკრებულოს ოპოზიციამ ფაქტი წინასაარჩევნო სამზადისს
დაუკავშირა.
მასალის გამოყენების პირობები