ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ საზოგადოებისთვის ოთხწლიანი მუშაობის
ანგარიშის ჩაბარება დაიწყო.
პირველი შეხვედრა მან მედიის წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები და ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი, ბესიკ
ბრეგაძე.
ქალაქის მერთან შეხვერა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა,
კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრაზე შოთა მურღულიამ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს
განხორციელებულ პროექტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის
მიღწევებზე ისაუბრა. მოგვიანებით კი ჟურნალისტების შეკითხვებს
უპასუხა.
ანგარიშის წარდგენის პარალელურად, მერიის შენობის წინ
საპროტესტო აქცია გამართა "ნაციონალური
მოძრაობის" წარმომადგენელმა, ნიკა ნარსიამ, რომელიც პრესკონფერენციაზე
დასწრებას ითხოვდა, თუმცა, დაცვის წევრებმა იგი შენობაში არ შეუშვეს.
ქალაქის მერმა ანგარიშის წარდგენა ადგილობრივ თვითმმართველობაში
განხორცილებულ რეორგანიზაციაზე საუბრით დაიწყო, რის შედეგადაც, მისი
თქმითმ თანამშრომელთა რაოდენობა 800-დან 350-მდე შემცირდა,
ასევე შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, აღარ არსებობს საყოველთაო
პრემია და დაინერგა საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა. მიღწეული
შედეგებისთვის კი ქუთაისის მერიამ ISO სერთიფიკატი
დაიმსახურა.
შოთა მურღულიამ აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მსხვილ
პორექტებს შორის მან დაასახელა ნიკეას ქუჩის, ხარაზოვისა და
ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა და
ორი საბავშო ბაღის მშენებლობა.
განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტებად კი სოციალური საცხოვრისის
მოწყობა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაგეგმილი მშენებლობა და წყლის
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა.
ჟურნალისტების შეკითხვების მოსმენის შემდეგ, ქალაქის მერს
სხვადსხვა სფეროში არსებულ ხარვეზებზეც მოუწია განმარტებების
გაკეთება.
შეხვედრაზე შეკითხვები დაისვა საქალაქო ტრნასპორტის გრაფიკთან
დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტების თქმით, ხშირად ირღვევა.
პრობლემურ საკითხებად მედიის წარმომადგენლებმა ასევე, დაასახელეს
მოუწესრიგებელი გზები, ტროტუარები, წყლის სისტემის
გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა ინფრასტრუქტურული
პრობლემები.
შეხვედრაზე ქალაქის მერი პოლიტიკურ ნაწილსაც შეეხო. მან კიდევ ერთხელ
განაცხადა, რომ ქუთაისის მერის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელება
გუნდურად გადასაწყვეტი საკითხია, ხოლო, რაც შეეხება პარლამენტის
თბილისში გადატანას, განმარტა, რომ პოზიცია არ შუცვლია და კვლავ
მომხრეა მთავარი საკანონდებლო ორგანო ქუთაისში იყოს, თუმცა, მიიჩნევს,
რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ქუთაისისთვის გაცილებით უფრო სარგებლის
მომტანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება.
შოთა მურღულია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო მისი და მისი
მოადგილეების საგამოძიებო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით და ამას
შავი პიარი უწოდა.
"ეს არის შავი პიარის ნაწილი და ალბათ, ემსახურება თვითმმართველობის
დისკრედიტაციას. ნებისმიერ თემაზე მკითხეთ, რომელ ქონებაზეა საუბარი
და დაგიდებთ ექსპერტიზის დასკვნიდან დაწყებული ყველაფერს სად რა და
როგორ მოხდა",–განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერი ანგარიშის ჩაბარებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს
წარმომადგენლებისთვის ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს.
მისი თქმით, თუ მაჟორიტარი დეპუტატების სურვილი იქნება, იგი
მოსახლეობას უბნების მიხედვითაც შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები