ქუთაისის მერი მომავალი კვირიდან უბნების მიხედვით მოქალაქეებთან
ანგარიშის ჩაბარებას იწყებს.
შოთა მურღულია აცხადებს, რომ მოქალაქეებს მისი მერობის პერიოდში
მიღწეულ შედეგებს გააცნობს.
„ჩემი მთავარი ამოცანა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა მომეტანა,
შევასრულე. თუ ოდესმე, რომელიმე პერიოდში რაიმე საჯარო
ფინანსები შემოსულა ქალაქში, შემიძლია შევედავო ყველას, რომ ამ 4 წლის
განმავლობაში ყველაზე დიდი დაფინანსება მივიღე, ISO სერთიფიცირებით
საერთაშორისო აღიარება მივიღე და მგონია, რომ ჩემი მისია შევასრულე,“
- ამბობს შოთა მურღულია.
დასახელდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად,
ქუთაისის მერი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა
და ამის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს. მურღულიას განცხადებით,
მმართველი გუნდი მერობის და დეპუტატობის კანდიდატებს სექტემბერში
დაასახელებს.
შოთა მურღულია 2013 წლის ნოემბერში ქუთაისის მერის მოვალეობის
შემსრულებლად დაინიშნა. მანამდე, ის რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.
2002-2012 წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების
ცენტრში მუშაობდა. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობითაც,
კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის, ილიას და თავისუფალ
უნივერსიტეტებში.
მურღულია ქუთაისის მერად 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის
ოფიციალური მონაცემებით, მას მხარი ამომრჩეველთა 50,63%-მა
დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები