"ენერგო პრო-ჯორჯიას" ქუთაისის სერვის ცენტრს აბონენტი დიდი
რაოდენობით თანხის დარიცხვაში ადანაშაულებს და სახალხო დამცველის
აპარტს მიმართავს.
მშვილდაძის ქუჩა #4-ში მცხოვრებმა მარინე ბარაბაძემ მიმდინარე
წლის აპრილში ელეტქროენერგიის ქვითარი მიიღო, სადაც მითითებული იყო,
რომ მას 84,69 ლარის დავალიანება ჰქონდა.
ბარაბაძე ამბობს, რომ მას ამ თანხის ელექტროენერგია არ
გამოუყენებია, რადგან სახლში მხოლოდ ტელევიზორს და მაცივარს
რთავს.
"თითქმის არაფერს ვიყენებ, მაგალითად წინა თვეებში სულ 7 ლარიდან 15
ლარამდე თანხის ფარგლებში ვიხდიდი. ახლა მომივიდა ასეთი თანხა. არ
დამიწვია ასე და რატომ უნდა გადავიხადო არ ვიცი", - ამბობს მარინე
ბარაბაძე.
მან ინფორმაციის მისაღებად "ენერგო პრო-ჯორჯიას" ქუთაისის
სერვისცენტრს მიაკითხა, სადაც განუმარტეს, რომ მისი მრიცხველი
დაზიანებული იყო და გამოუცვალეს და ამის გამო, როგორც აპრილის თვის
ასევე, წინა თვეების დავალიანებაც მიუვიდა.
"მითხრეს, რომ ჩემი მრიცხველი არ აჩვენებდა რეალურ მონაცემებს. ამის
გამო გამოგიცვალეთ მრიცხველი და ავღრიცხეთ წინა თვეების
დავალიანებაცო, ასე განმიმარტეს", - ამბობს აბონენტი.
მისი თქმით, საცხოვრებელ კორპუსში მრიცხველები მიმდინარე წლის აპრილში
მართლაც გამოიცვალა და ამის შემდეგ ახალი ქვითარი მიიღო, სადაც
დავალიანება განახევრებული იყო. თუმცა, მარინე ბარაბაძისთვის
ამჯერადაც მიუღებელი.
"ახალ ქვითარში თანხა კი იყო შემცირებული ანუ 42.65 ლარი ამომიწერეს,
მაგრამ ამდენსაც არ გადავიხდი, რადგან, ჯერ ერთი, ამის ფინანსური
შესაძლებლობა არ მაქვს და მეორეც, იმდენი რატომ უნდა გადავიხადო,
რამდენიც არ გამომიყენებია", - განმარტავს ბარაბაძე.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ
აბონენტს დაზიანების გამო მრიცხველი შეეცვალა და არსებული კანონის
შესაბამისად, დაერიცხა დაზიანების პერიოდში მის მიერ მოხმარებული
ელექტროენერგიის ღირებულება, ხოლო ქვითარზე 84.69 ლარი შეცდომით
მიუთითეს.
"გასულ წლის მოხმარების გათვალისწინებით, მიმდინარე გადასახადთან
ერთად, თანხა შეადგენს 42. 65 ლარს (აქედან 6.67 ლარი აპრილის თვის
გადასახადია). აბონენტის ქვითარში გასული თვის გადასახადი
შეცდომით იყო მითითებული. ეს პროგრამული შეცდომა იყო, აბონენტის
მომართვისთანავე გასწორდა და გადასახდელი თანხა დაკორექტირდა", -
ამბობს "ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეონა გეგუჩაძე.
"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ თუ აბონენტი დარიცხულ
გადასახადს არ ეთანხმება, მას შეუძლია სემეკს ან სასამართლოს
მიმართოს. ასევე, შესაძლებელია, აბონენტის მიმართვის შემთვევაში,
დარიცხული თანხა რამდენიმე თვეზე გადანაწილდეს.
მარინე ბარაბაძე მისთვის უსამართლოდ დარიცხული თანხის გადახდას არ
აპირებს და გეგმავს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სახალხო
დამცველის აპარატს მიმართოს.
საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და საერთო მოხმარების მრიცხველის
აბონენტებისათვის 101 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის
მომხმარებისთვის 9.0034 თეთრი; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით
12.98 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტზე 17.50 თეთრი არის
განსაზღვრული.
მარინე ბარაბაძე ამბობს, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად,
სახალხო დამცველის აპარატთთან არსებულ "მომხმარებელთა
ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის" მიმართვას
გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები