პენსიის ბინაზე მიტანის სერვისის შესაძლო გაუქმებას ქუთაისში
ბენეფიციარები აპროტესტებენ.
მათი თქმით, ეს ინფორმაცია იმ პირებისგან აქვთ, ვინც საპენსიო თანხას
ბინაზე არიგებდა.
"თებერვალში, როდესაც პენსია მივიღეთ, გაგვაფრთხილეს, რომ ეს იქნებოდა
ბოლო მომსახურება და ამის შემდეგ თანხა უშუალოდ ბანკომატებში ან
"ლიბერთი ბანკის" ფილიალებში უნდა მიგვეღო. ძალიან კომფორტული იყო ეს
სერვისი, რადგან ბანკში ყოველთვის დიდი რიგია,"- ამბობენ პენსიონერები
ქუთაისიპოსტთან საუბარში.
ქუთაისში პენსიონერებისთვის თანხის ბინაზე მიწოდებას "ლიბერთი ბანკის"
თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
ბანკში აცხადებენ, რომ ეს სერვისი არ გაუქმებულა და ის მომავალშიც
გაგრძელდება.
"ვისაც ჰქონდა განაცხადი გაკეთებული ამ მომსახურების მიწოდების
შესახებ, ის პირები ისევ მიიღებენ ბინაზე საპენსიო თანხას," -
განმარტავენ "ლიბერთი ბანკის" მარკეტინგის სამსახურში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის იმერეთის
რეგიონში პენსიის პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 122 573-ს შეადგენს,
ქუთაისში კი პენსიას ყოველთვიურად 32 259 პირი იღებს.
მასალის გამოყენების პირობები