"ჩვენ ვიმყოფებით ძალიან კარგ, ძალიან ლამაზ ქალაქში, რომელსაც აქვს პარლამენტი და არა აქვს წყალი"
"ქუთაისში არსებულ პარლამენტის შენობაზე დახარჯული 350 მილიონი ლარით შეიძლებოდა მთელს დასავლეთ საქართველოში მოწესრიგებულიყო წყალმომარაგების სისტემა,"- ასე გამოეხმაურა ქუთაისში მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დედაქალაქში გადატანის საკითხს.
ნოდარ ხადურის თქმითვე, პარლამენტი თბილისში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.
"ჩვენ ვგეგმავთ და პარლამენტი აუცილებლად დაბრუნდება თბილისში. იქ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამით ხარჯები შემცირდება. ქუთაისში არსებულ პარლამენტის შენობაზე კი არსებობს სხვადასხვა საინტერსო მოსაზრებები,"- განმარტა ქუთაისში სასტუმრო ბაგრატში პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის სახლის აშენების საჭიროება არ იყო.
ქუთაისიდან დედაქალაქში გადატანის აუცილებლობაზე განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმაც გააკეთა.
" ჩვენ ვცდილობთ მოვუძებნოთ ფუნქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, რომელზეც 350 მილიონი ლარი დაიხარჯა,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ - მინისტრმა.
პრემიერი დღეს ქუთაისში ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები