ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის IDFI კვლევის
თანახმად, საზოგადოებრივი აზრი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით
2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა.
ორგანიზაციის კვლევით, საზოგადოებაში კვლავ
არსებობს იმის განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად
იყენებენ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს.
IDFI აცხადებს, რომ უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ახალი
შემთხვევები 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდგომაც
განხორციელებული ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც დაფიქსირდა.
„გაძლიერდა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური
პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და
რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური და ყოვლისმომცველი
რეფორმა,“– აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ფარული მიყურადების ორგასაღებიან სისტემას,
რომელიც უკვე 1.5 წელია ფუნქციონირებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის გამო, დადებითად
ადასებს.
თუმცა, აქვე მიუთითებს, რომ ამ სისტემის მდგრადობა და ეფექტიანობა
მეტწილად დამოკიდებული იქნება შემდგომ ინსტიტუციონალურ რეფორმაზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა 2017 წლის 31 მარტი, როგორც ბოლო
ვადა იმისთვის, რომ გატარდეს ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები
და მომზადდეს ახალი სისტემისთვის საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური
ბაზა.
ამ მიზნით, კამპანია „ეს შენ გეხება”-ში მონაწილე სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციებმა მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი. თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მისი ინიცირება
ვერ მოხერხდა.
„საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს 3 თვეზე ნაკლები დარჩათ
იმისთვის, რომ აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და
მოამზადონ ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები. ამ დროისთვის
უცნობია, რა ფორმით მოხდება სამოქალაქო საზოგადოების მიერ
შემუშავებული წინადადებებისა და რეკომენდაციები გათვალისწინება
პარლამენტში,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.
IDFI–ის მიაჩნია, რომ ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა გაატაროს
ფარული მიყურადების ფუნდამენტური რეფორმა, რაც შეუძლებელია ძალოვან
სტრუქტურებზე ეფექტური კონტროლის სისტემის შექმნისა და საკუთარი
ძალაუფლების გარკვეული შეზღუდვის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში,
ხელისუფლება ვერ შეძლებს უკანონო მიყურადების პრევენციის რეალური
სისტემის ჩამოყალიბებას, საზოგადოებაში გამყარდება მოსაზრება, რომ
გადაწყვეტილების მიმღებებს არ გააჩნიათ ცვლილებების განხორციელების
საკმარისი პოლიტიკური ნება,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მასალის გამოყენების პირობები