თერჯოლაში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა ადგილობრივ მოსახლეობასა და იეჰოვას მოწმეებს შორის მოსალოდნელი დაპირისპირება დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააპროტესტა.
მათი თქმით, იეჰოვას მოწმეებს სახლის მშენებლობა თერჯოლის ცენტრალურ უბანში, საკათედრო ტაძრის გვერდით სურთ, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლებისგან უარი მიიღეს. თუმცა, როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, იეჰოვას მოწმეებმა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს და მათი სარჩელი დაკმაყოფილებული იქნა.
"თუ გამგეობა ისევ გაცემს ბრძანებას სახლის მშენებლობაზე, ვვარაუდობთ, რომ ამას ადგილობრივ მოსახლეობის მხრიდან მოყვება პრიოტესტი, რასაც გადაიზრდება დაპირისპირებაში. არ გვსურს ჩვენს ქალაქში მოხდეს დაპირისპირება და მოვუწიოდებთ ყველას დროული რეაგირება მოახდინონ, რათა თავიდან ავიცილოთ ერთმანეთის მიმართ ძალადობა. ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომელიც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს. მით უმეტეს, მათ უკვე ერთი სახლი აქვთ თერჯოლის გარეუბანში," - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ზაურ ობოლაძემ.
თერჯოლაში რელიგიურ ნიადაგზე მოსალოდნელ დაძაბულობასთან დაკავშირებით ჯგუფის წევრები მიმართვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, სახალხო დამცველს, თერჯოლის ეპარქიასა და ხელისუფლებას, იეჰოვას მოწმეთა საზოგადოებას, იმერეთის გუბერნატორს მიმართავენ.
საინიციატივო ჯგუფი ყველა დაინტერესებულ მხარეს 26 აპრილს 16 საათზე თერჯოლის კულტურის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდებს.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები