ქუთაისში, ტაბიძის #2-ში გასულ საუკუნეში აშენებული ავარიული შენობის
აივნის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ორსართულიანი შენობის
პირველ სართულზე განთავსებული რამდენიმე მაღაზია და საცხობი დილიდან
დაკეტილია.
ტაბიძის #2-ში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ადგილობრივებმა გამოიძახეს, რადგან მათი თქმით, შენობა ადამიანების
სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ შენობა კერძო საკუთრებაა
და შესაბამისად, რეაბილიტაციასაც მფლობელი ახორციელებს.
ტაბიძის #2 - ში ისტორიული შენობა, ადგილობრივთა ინფორმაციით, 1926
წელსაა აშენებული. ადრე იქ ღვინის საწარმო ფუნქციონირებდა. მათივე
თქმით, შენობის ქვეშ რამდენიმე გვირაბია განთავსებული, რომლებიც
მდინარე რიონს უერთდება და მათ ნაოსნები იყენებდნენ.
შენობის პირველ სართულზე დღემდე ფუნქციონირებს "გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის" წყალსაქაჩი
სადგური, მეორე სართულზე კი წლების განმავლობაში
ორი ოჯახი ცხოვრობდა. თუმცა, სახლის ავარიულობის გამო, მათ
საცხოვრებელი დატოვეს.
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
მასალის გამოყენების პირობები