ოპოზიციური პარტის წარმომადგენლები ხარაგაულში ეკოლოგიური პრობლემის
მოგვარებისთვის მთავრობას ერთ კვირიან ვადას აძლევენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თბილისისკენ მიმავალი ცენტრალური გზის
გადაკეტვით იმუქრებიან.
ამ მოთხოვნით ბრიფინგი ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
პარტია "თავისუფალმა საქართველომ" გამართა.
როგორც პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია
აცხადებს, ხელისუფლებამ ხარაგაულში მცხოვრებლების უსაფრთხოების
მიზნით, გადამჭრელი ზომები დაუყონებლივ უნდა გაატაროს.
"ხარაგაულის რამდენიმე სოფელში ჩინური კომპანიის მიერ დაბინძურებულია
მდინარე, მუნიციპალიტეტი ეკოტრაგედიის წინაშეა და ყოველ დღე ხალხი
იწამლება," - ამბობს წულაია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაბინძურებულმა
მდინარე ჩხერიმელამ მცირეწლოვნები მოწამლა.
ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის დაბინძურების მიზეზად მდინარე
ჩხერიმელას მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ არსებულ ქვიშა-ხრეშის
გადამამუშავებელ საწარმო "ნიუ სფეისს" მიიჩნევს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, "ნიუ
სფეისის" ტერიტორიაზე მოწყობილი არ არის საწარმოო ჩამდინარე წყლების
გამწმენდი ნაგებობა და სალექარიდან ამოღებული შლამის ბაქანი.
"საწარმოში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლის 3 თანაბარი ნიმუშის
ლაბორატორიული დამუშავების შედეგად მიღებული დასკვნით, კომპანიას
დარღვეული აქვს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი
ნორმები და მდინარე ჩხერიმელას დაბინძურებას ახდენს შეწონილი
ნივთიერებებით," – აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შპს "ნიუს სფეისის"-გან წარმომადგენლის
გამოყოფას ელოდებიან, რათა შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიების
გატარებასთან ერთად, ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებით
გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები