"ახალი კამერები განთავსება ე.წ. შავი წერტილებიდან გამომდინარე, ანუ
იქ, სადაც უფრო მეტი ავარიები ხდებოდა".
შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული
ვიდეოსათვალთვალო კამერების ხელახალი აღწერა განხორციელდა.
შალვა ხუციშვილის თქმით, მათი 30% უხარისხოდ ან საერთოდ არ
მუშაობს.
ამის შესახებ მან სააგენტო AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აღწერის შედეგებიდან
გამომდინარე, ახალი კამერების შეძენის პროცედურები უკვე
მიმდინარეობს.
"ვცდილობთ შევიძინოთ ყველაზე საუკეთესო ანალიტიკა. რასაც ნიუ-იორკის,
ლონდონისა და დუბაის პოლიცია იყენებს დაახლოებით იგივე პროდუქტია
ჩამოტანილი ჩვენთან. იქ, სადაც კამერები მოძველებული იყო ან არ
მუშაობდა, ან მუშაობდა, მაგრამ მასზე ანალიტიკა არ მონტაჟდებოდა, იქ
განთავსდება ახალი კამერები, ე.წ. შავი წერტილებიდან გამომდინარე, ანუ
იქ, სადაც უფრო მეტი ავარიები ხდებოდა", - განაცხადა შალვა
ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ახალი კამერების დამონტაჟების შემდეგ, ვიზუალურად შსს-ს
თანამშრომლების მიერ გამოსახულების ყურება და დარღვევის ხელით
დაფიქსირება საჭირო აღარ იქნება.
შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, შემოდგომიდან ახალი პროგრამის მქონე
ვიდეო კამერები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დამონტაჟდება.
"მინიმალური იქნება იმის შანსი, რომ ვიღაც დაარღვევს მოძრაობის წესებს
და ის არ დაჯარიმდება. ამ პროგრამის ერთ-ერთი შესაძლებლობა არის ის,
რომ ითვლის ორ კამერას შორის მანძილს და რა მანძილი უნდა დაფაროს
მძღოლმა საშუალო სიჩქარით. ანუ თუ ავტომანქანამ კამერასთან შეანელა,
შემდეგ მოუმატა სიჩქარეს, მეორე კამერასთან კვლავ დაამუხრუჭა და
შეანელა ეს მაინც დაფიქსირდება. რაც შეეხება კამერების დაშორებებს,
მანძილი იქნება რაციონალური", - განაცხადა შს მინისტრის
მოადგილემ.
ხუციშვილის განმარტებით, ამ მექანიზმმა ლატვიაში გაამართლა, სადაც
სისტემის დამონტაჟების შემდეგ, დარღვევებისა და ავტოსაგზაო
შემთხვევების 50%-ანი პრევენცია მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები