სამტრედიაში სასაფლაოს მიწებზე ახალი რეგულაციები დაწესდა
მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ტერიტორიაზე
გაუქმდა ზონებად დაყოფის პრინციპი, რომელიც მიწაზე განსხვავებულ
ტარიფებს აწესებდა. ამიერიდან ქალაქ სამტრედიის ყველა სასაფლაოზე
სტანდარტული ფასი იმოქმედებს, რომელიც მესამე ზონის ღირებულებას
სამჯერ, პირველი ზონის ფასს კი 10 ლარით აღემატება.
თუ აქამდე ერთი კვ.მ მიწის ფასი 10 დან 20 ლარამდე მერყეობდა,
ამიერიდან, ქალაქში სასაფლაოს მოსაწყობად მიწის შეძენის ყველა
მსურველს 30 ლარის გადახდა მოუწევს.
კიდევ ერთი რეგულაცია სამტრედიის სოფლებს ეხება, სადაც
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნუგზარ ჯამბურიას თქმით,
ადგილობრივები სასაფლაოებს საგვარეულოს საკუთრებაში არსებულ
ტერიტორიებზე აწყობდნენ. ზოგ შემთხვევაში კი მისი ვარაუდით, მიწის
შეძენა სასაფლაოს ზედამხედველთან ან სოფლის წარმომადგენელთან
მოლაპარაკების შედეგად ხდებოდა. სატარიფო რეგულაციები კი სოფლებში ამ
დრომდე არ მოქმედებდა.
"გარკვეული გარიგებები იყო ალბათ. რაღაც შიდა რეგულაციები ექნებოდათ.
ყველაფერი შესაძლებელია მოლაპარაკებით. სასაფლაოს ზედამხედველი ან
ვინმე სოფლის წარმომადგენელი იქნებოდა, ვინც დაარეგულირებდა ამ
ყველაფერს",-აცხადებს ნუგზარ ჯამბურია.
მისი თქმით, ახალი წესების მიხედვით, სოფლებსა და დაბებში ერთი კვ.მ
მიწა 20 ლარი ეღირება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე
კი სასაფლაოს მოვლა-პატრონობისთვის მესაკუთრე ყოველწლიურად 5 ლარს
გადაიხდის, ნაცვლად 3 ლარისა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს გადასახადი
ამ დრომდე მხოლოდ ქალაქს ეხებოდა.
ახალი რეგულაციები სამტრედიაში ააიპი დაწესებულება "სამტრედიის
მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ"
შემოიღო, რომელიც რაიონის გამგეობაში რამდენიმე თვის წინ შეიქმნა.
დაწესებულებაში, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის თქმით მთავარი
ორიენტირი სასაფლაოს მიწების რეალიზაციისა და მოვლა-პატრონობის
სისტემაში მოყვანაა, 32 თანამშრომელი მუშაობს. მისი ბიუჯეტი კი 146
ათას ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები