ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საყოველთაო
ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე კვლევას
აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პროგრამის შექმნისას არ
იყო სათანადოდ გაცნობიერებული მოსალოდნელი რისკები, რომლებმაც თავი
მისი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე იჩინა.
„პროგრამას არ გააჩნდა სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც ხელს
შეუწყობდა პროგრამის ეფექტურ და თანმიმდევრულ განვითარებას. მისი
არსებული ფორმით გაგრძელება დაკავშირებულია მთელ რიგ რისკებთან. მათ
შორის: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გაწეული ხარჯების ზრდის
არსებული ტენდენცია წარმოშობს საფრთხეს, რომ სახელმწიფო ვეღარ
უზრუნველყოფს პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის
მოძიებას და სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების
საფასურის დროულ დაფარვას, რაც გამოიწვევს პროგრამის ფუნქციონირების
შეფერხებას,“ – აღნიშნულია კვლევაში.
IDFI–ს, ასევე მიაჩნია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წინაშე
არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, საქართველოს
მთავრობის დღის წესრიგში, მისი გარკვეული ფორმით შეცვლის აუცილებლობის
საკითხი დადგება.
არასამთავრობო ორგანიზაციაში, პროგრამის ეფექტურობას გაზრდის მიზნით,
რეკომენდაციათა პაკეტი შეიმუშავეს.
მათი აზრით, მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების გათვალისწინება,
როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტრატეგიისა და
გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამასთანავე, უნდა
გადაიხედოს საყოველთაობის მიზანშეწონილობა და დაიწყოს მსჯელობა
ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის შესახებ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ
სამედიცინო დაწესებულებების არაკეთილსინდისიერი საქმიანობის ალბათობის
მაქსიმალურად შემცირების მიზნით, აუცილებელია პროგრამის ფარგლებში
გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების განკარგვის მონიტორინგის სისტემის
დანერგვა.
საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს.
ის დაზღვევის 3 ჯგუფს მოიცავს: საბაზისო და მინიმალური პაკეტებს,
ვეტერანებისთვის განკუთვნილ და საპენსიო ასაკის ხალხის
მომსახურებას.
პირველ ჯგუფში შემავალი დაზღვევის საბაზისო პაკეტი სახელმწიფოს
მხრიდან 20-მდე სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების 70-100%-იან
დაფინანსებას ითვალისწინებს, ხოლო მინიმალური პაკეტი 100%-ით მხოლოდ 5
სერვისს აფინანსებს.
საქართველოში საყოველთაო დაზღვევის სრული მომსახურების მიღმა 112 000
ადამიანია დარჩენლი. ისინი მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობენ,
რასაც
კერძო დაზღვევიდან გამოთიშვის შემდეგ იღებენ.
შედეგად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების
დიდი ნაწილი (დაზღვევის სრული პაკეტი)
ბენეფიციარებისთვის მიწუვდომელია.
ქუთაისში რეგისტრირებული 196 380 ადამიანიდან, საყოველთაო დაზღვევის
პროგრამის მინიმალური პაკეტით 5 066 პირი სარგებლობს.
მასალის გამოყენების პირობები