2 წუთიანი ვიდეორგოლის გადაღება შემოდგომაზე დასრულდება.
წყალტუბოზე ვიდეორგოლს გადაიღებენ. საიმიჯო კლიპში საკურორტო ქალაქის
ტურისტული პოტენციალი იქნება ასახული.
ვიდეორგოლში ცივი ტბა, სათაფლიის ნაკრძალი, პრომეთეს მღვიმე და სხვა
კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ადგილები წარმოჩინდება.
იგი თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადდება, რომელსაც დაინტერესებული
ადამიანები ე.წ. ვირტუალური სათვალის საშუალებით ნახავენ.
პროექტს "წყალტუბოს განვითარების ფონდი" ახორციელებს. ვიდეორგოლისთვის
25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსი კი კულტურის სამინისტრომ
გამოაცხადა.
"პროექტის მიხედვით 5 ან 6 სათვალე დამზადდება, რომელშიც
ჩამონტაჟებული იქნება პლანშეტის მოწყობილობა, რაც მსურველს საშუალებას
მისცემს დასწრების ეფექტით ნახოს წყალტუბოს კულტურული
ღირსშესანიშნაობები", - განმარტავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მამუკა
ჩხეტიანი.
მისივე თქმით, 2 წუთიანი ვიდეორგოლის გადაღება და თანამედროვე
ფორმატში გადატანა შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.
"ვირტუალური სათვალის" ფორმატში მომზადებული ვიდეორგოლი
ტურისტებისთვის თვალსაჩინო ადგილებზე - აეროპორტებში და სხვა
ობიექტებზე განთავსდება.
ასევე, დაგეგმილია სკოლის მოსწავლეებისთვის მისი ჩვენება.
ვიდეორგოლის გადაღება წყალტუბოს ცენტრში 2016 წლის 22 ივნისს
დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები