ნატო ქათამაძე მიიჩნევს, რომ გია ქობალიანი თავმჯდომარის პოსტზე
ეფექტურად ვერ იმუშავებს
ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი ნატო ქათამაძე, დროებითი
სამუშაო ჯგუფის ახლადარჩეული ხელმძღვანელის გია ქობალიანის
კომპეტენციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ქათამაძე, რომლის კანდიდატურაც ჯგუფის თავმჯდომარის პოსტზე
კოლეგებმა ჩააგდეს, მიიჩნევს, რომ ქობალიანი საქმეს ეფექტურად ვერ
გაუძღვება.
"ახალი ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ მე მიჭერდა მხარს და ახლა
გაუგებარია მისი ამ პოსტზე არჩევა. ვფიქრობ, მას გამოცდილება აკლია და
ვერ შეძლებს ეფექტურად იმუშაოს",- მიიჩნევს ქათამაძე.
"რესპუბლიკელი" დეპუტატი საკრებულოს დღევანდელ სხდომას, სადაც
სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით
აირჩიეს, არ ესწრებოდა. როგორც ქათამაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
ამბობს, სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა, რადგან
ქობალიანის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენის შესახებ
ინფორმირებული იყო.
ნატო ქათამაძე, საკრებულოში სამუშაო
ჯგუფის შექმნის ინიციატორი იყო. იგი ჯგუფის
თავმჯდომარეობის კანდიდატად 9 დეპუტატმა, მათ შორის გია ქობალიანმა
წარადგინა, თუმცა, 30 მარტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მისი ამ
პოსტზე არჩევა უნდა მომხდარიყო, საკრებულოს უმრავლესობის
გადაწყვეტილებით,
საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.
მაშინ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა განმარტა, რომ ჯგუფის
შექმნის იდეა დახვეწას საჭიროებდა. ნატო ქათამაძე კი აცხადებდა, რომ
საკითხის გაჭიანურება შეგნებულად ხდებოდა, რათა მისი კანდიდატურა
დაბლოკილიყო.
ქუთაისის საკრებულოში ახლადშექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, სამი
თვის ვადაში, 2006-2016 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ
გასხვისებული
მიწების კანონიერება უნდა შეისწავლოს.
მასალის გამოყენების პირობები