ქუთაისში ნიკეას ქუჩის სარეაბილოტაციო სამუშაოების ნელი ტემპით
მიმდინარეობას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია
აპროტესტებს.
ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია აცხადებს, რომ სამუშაოების
ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის
დასრულება დროულად არ მოხდება.
"ნიკეას ქუჩაზე დიდი მოცულობის სამუშოებია შესასრულებელი და დღეში
მხოლოდ რამდენიმე ადამიანი და ერთი ტრაქტორი მუშაობს, ალბათ წლობით არ
დასრულდება. ესაა ტრაგედია. ამან გამოიწვია თაბუკაშვილის ქუჩის
გადატვირთვა. ნიკესა და თაბუკაშვილის ქუჩის მოსახლეობა აღშფოთებულია,"
- აცხადებს გოგი წულაია.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი
ასევე, აღნიშნავს, რომ შემზღუდავი გამყოფი ზოლის მოწყობის მიზეზით
ნიკეას ქუჩაზე არსებული ბაზრის მოვაჭრეებს კლინეტურა და შესაბამისად,
შემოსავლებიც შეუმცირა.
"თუკი ბაზარში მანამდე ვაჭრობდნენ 100 ლარს, ახლა 10 ლარსაც ვერ
ვაჭრობენ. იმის ნაცვლად რომ ბიზნესს ხელი შეუწყონ, მიყვანილ გზას
უკეტავენ. ეს კეთდება გაუაზრებლად და შემდეგ მის გამოსწორებაზე
ასიათასობით ლარს დახარჯავენ," - აცხადებს გოგი წულაია.
ქუთაისის მერიაში პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის
ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას არაკომპეტენტურად აფასებენ და
გოგი წულაიას ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის დოკუმენტაციის გაცნობას
ურჩევენ.
"ამ საკითხში "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
ხელმძღვანელი არის არაკომპეტენრური და მისი მხრიდან მსგავსი
განცხდების გაკეთება აბსურდულია. ნიკეას ქუჩაზე სამუშაოების დასრულება
დაგეგმილია მომავალ წელს, თუმცა სამუშაოები მიმდინარეობს დარჩქარებული
ტემპით, უამინდობის პირობებშიც კი და შესაძლოა, ქუჩის რეაბილიტაცია
ვადაზე ადრე დასრულდეს," - აცხადებს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის
სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე.
ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები