ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილის
ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს ჩატარდა.
"დღეს, მართალია 8 აპრილია, მაგრამ რადგან 9 აპრილი შაბათია, ამიტომ
დღეს ჩატარდა ღონისძიება. უნივერსიტეტში ტრადიციად გვაქვს, ყოველთვის
ჩავატაროთ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება" - ამბობს აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი, ლუკა დვალიშვილი.
ლუკა დვალიშვილმა უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე აღნიშნა,
რომ საზოგადოებისთვის 9 აპრილის ტრაგედიის მნიშვნელობის შეხსენება
აუცილებელია, რადგან ბოლო დროს ამ დღისადმი ინტერესი არ
შეიმჩნევა.
"9 აპრილი ქართველისათის დიდგორიცაა და ვატერლოოც, რადგან ეს არის
უდიდესი სიხარულისა და წუხილის დღე. დღეს, თითქოს 9 აპრილის მომხდარი
მოვლენისადმი ინტერესი გაქრა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ჩენ არ უნდა
დავივიწყოთ 9 აპრილის გმირები" - ამბობს ლუკა დვალიშვილი.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საბჭოთა არმიამ ანტი-საბჭოთა,
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი
დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი
დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
მასალის გამოყენების პირობები