"მთავარი
ფასეულობები ჩვენთვის ის ფასეულობებია, რომელიც აქვს ევროპულ
დემოკრატიულ ოჯახს"
ჰიბრიდული ომის მზარდი შემოტევა რუსეთის მხრიდან, ნატოს როლი
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და საქართველოს
ევროატლანტიკური არჩევანი - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომელზედაც
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ეკონომიკური პოლიტიკის
კვლევის ცენტრმა (EPRC) შეხვედრა ჩაატარა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს"
ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ შეხედრაზე იმ საფრთხეებსა და
გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოების
პროცესში ხვდება. მისი თქმით, რაც უფრო დავუახლოვდებით მიზანს, მით
უფრო გაიზრდება ზეწოლა არადაინტერესებული ძალების მხრიდან.
"საქართველოს ევროპული არჩევანია არის უალტერნატივო, რომელიც ჩვენი
ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და უსაფრთხოებას დააყენებს
შეუქცევად პროცესად. ამისთვის კი აუცილებელია ეროვნული კონსესუსის
მიღწევა ფუნდამენტურ საკითხებზე. მთავარი ფასეულობები ჩვენთვის ის
ფასეულობებია, რომელიც აქვს ევროპულ დემოკრატიულ ოჯახს," -აცხადებს
ექსპერტი, ბათუ ქუთელია.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო
ევგენიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში არქაული მიზანი არ არის.
"მთელი ამ წლების განმავლობაში დასავლეთის განვითარებული ქვეყნებიდან
და ამერიკის შერთებული შტატებიდან მიღებული მხარდაჭერა იმისთვის იყო
ორიენტირებული, რომ ქვეყანას განეხორციელებინა რეფორმები, იქნებოდა ეს
პოლიციის, სერვისების, უსაფრთხოების თუ სხვადასხვა მიმართულებით და ეს
არის ის შედეგები, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხილულად
შეუძლია აღიქვას," - აცხადებს ნინო ევგენიძე.
მსგავსი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, ამერიკის შეერთებული
შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორე
წელია ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები