ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ადგილას, ტექნოლოგიური ჰაბის
მოსაწყობად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
(GITA) კიდევ ერთ ტენდერს აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვა [NAT250006937], ამჯერად, ტექნოლოგიური ჰაბის
აუზისა და სახურავის ჰიდროსაიზოლაციო და გუმბათის თბოსაიზოლაციო
სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო
სამუშაოებზეა (Design-Build მეთოდით) გამოცხადებული, რისთვისაც 5
მილიონ 265 600 ლარია გამოყოფილი (სავარაუდო ღირებულება).
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პროექტირებისა და
მშენებლობის საერთო ხანგრძლივობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო
სამუშაოების ჩათვლით არაუმეტეს 365 კალენდარულ დღეს შეადგენს, ამასთან
საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60
კალენდარულ დღეს.
დაინტერესებულთათვის წინადადებების მიღება 23 აპრილს დაიწყება და 28
აპრილს დასრულდება.
აღნიშნულ სახელმწიფო შესყიდვამდე, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად
რამდენიმე ტენდერი იყო გამოცხადებული. მათ შორის, პარლამენტის ყოფილი
შენობის ფასადის მედია განათების (3D Mapping)
პროექტირება/მშენებლობა/მონტაჟისთვის (8 მილიონამდე ლარის
ღირებულების); ამასთან, საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციის (21
მილიონამდე ლარის ღირებულების) და ტექნოლოგიურ ჰაბში კრეატიული
ტექნოლოგიების ცენტრის გახსნისთვის საჭირო ლიცენზიის და საკონსულტაციო
მომსახურების
შესასყიდად (1 764 100 ევროს ღირებულების).
სახელმწიფო შესყიდვა იყო გამოცხადებული პარლამენტის
ყოფილი შენობის ინტერიერის დიზაინის პროექტირებასა და ჰაბის
ტექნოპარკის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტირება-მშენებლობაზეც
(ჯამური ღირებულებით - 3 მილიონ 397 375 ლარი).
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო
დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა. 2024 წლის 12 ოქტომბერს,
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ყოფილ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც
2018 წლიდან მიტოვებული იყო, ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის
პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის მინისტრთან და GITA -ს თავმჯდომარე
ავთანდილ კასრაძესთან ერთად წარადგინა.
დაპირების მიხედვით, პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსებული პირველი
ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტექნოლოგიური
ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული- სამეცნიერო-ტექნოლოგიური
მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო
სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის
განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის,
დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა
ექსპერიმენტული ლაბორატორიები. ასევე, VR/AR Gaming ლაბორატორია,
შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT
სპეციალისტებისთვის.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო
იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორც შენობის შიგნით, ასევე
გარე პერიმეტრზე, თუმცა, კონცეფციის მიხედვით, ცვლილება არ შეეხება
ყოფილი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზს და ის პირვანდელ სახეს
შეინარჩუნებს. ცენტრი 2025 წლის შემოდგომაზე უნდა გაიხსნას.
ხუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინსტიტუტი
ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. 2012 წლის შემდეგ, 2019 წლის 5
თებერვალს, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო
სესია თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ მმართველი გუნდი, ქალაქს,
პარლამენტის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტს ჰპირდებოდა. მათ შორის,
საპოლიციო ჰაბის და საკონფერენციო დარბაზის მოწყობას. ბოლოს კი (2022
წელს), მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შენობაში
ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდებოდა.
პარლამენტის გაუქმებით, ქუთაისისთვის სასიცოცხლო ფუნქციის წართმევას
ადგილობრივები წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ. აქტივისტები
სხვადასხვა პერფორმანსით ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს დაბრუნებას
ითხოვდნენ.
ამავე თემაზე:
პარლამენტის ყოფილი შენობის ფასადის განათებისთვის 8
მილიონამდე დაიხარჯება
"გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ ეს ტბა" - პარლამენტის
ყოფილ შენობასთან ხელოვნური ტბა ეწყობა
21 მლნ-მდე ლარის და 1.7 მლნ ევროს ღირებულების
ტენდერები პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოჰაბის
მოსაწყობად
მთავრობა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე,
პარლამენტის ყოფილი შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად გადასაკეთებლად
ტენდერებს აცხადებს
ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ნაცვლად - რა მიიღო
ქუთაისმა ექვსი წლის შემდეგ
"ქუთაისში, პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ
განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას" - პრემიერი
მასალის გამოყენების პირობები