ახალი ამბები
მთავრობა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტის ყოფილი შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად გადასაკეთებლად ტენდერებს აცხადებს
FaceBook
"ქართული ოცნება" ქუთაისელებს, წართმეული საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ნაცვლად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ცენტრად გადაქცევას სთავაზობს.

ამ მიზნით, წლების განმავლობაში მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი პარლამენტის ყოფილი შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად გადასაკეთებლად, ტენდერებს, ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში აცხადებს, მაშინ როცა მმართველ გუნდში ამაზე დაპირება ჯერ კიდევ 2022 წელს იყო.

სახელმწიფო შესყიდვებს პროექტის შემსრულებელი კომპანია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), აცხადებს.

"ჯიტას" ერთი ტენდერი ტექნოლოგიური ჰაბის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) ინტერიერის დიზაინის პროექტირებაზე აქვს გამოცხადებული, მეორე ტენდერი კი - ჰაბის ტექნოპარკის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტირება-მშენებლობაზე. 

ინტერიერის დიზაინის პროექტირებისთვის გამოცხადებული 754 ათასიანი ტენდერის [NAT240018535] მიხედვით, პარლამენტის ყოფილი შენობის 0 და 1 სართულების სივრცეების ცვლილება და კეთილმოწყობა იგეგმება.

მეორე სახელმწიფო შესყიდვის [NAT240020099] ღირებულება კი, რომელიც ტექნოპარკის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობს შეეხება, 2 მილიონ 643 375 ლარია. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია როგორც პარლამენტის ყოფილი შენობის გარე პერიმეტრზე არსებული სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაცია, ასევე, შენობის მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა.
ამასთან, არსებული საპარკინგე სივრცის რეაბილიტაცია/მოწესრიგებაც.  

კერძოდ, პარლამენტის ტერიტორიაზე იგეგმება ახალი ქვაფენილის საფარის, ბორდიურების, რკინაბეტონის ორდონიანი კედლების, ტერასების, სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების, პანელური ღობის მოწყობა; ასევე მოეწყობა ყვავილების ბაღი და წყლის შადრევანი (20 ცალი); დაირგება 100 ცალი ხე; დამონტაჟდება 100 ცალი ახალი ენერგო-დამზოგველი სანათი და ელ. განათება. განთავსდება 10 ცალი ახალი სკამი და 10 ცალი ახალი ურნა. ტერიტორიაზე განლაგდება საინფორმაციო დაფები და მანიშნებელი ნიშნები.


სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შესასრულებელი სამუშაოები საორიენტაციოა და შესაძლებელია არ მოიცავდეს ყველა იმ დეტალსა და კომპონენტს, რაც ტექნიკური დავალების მიზნის მისაღწევადაა საჭირო. 

"კონტრაქტორის პირდაპირი ვალდებულებაა სრული ობიექტის დეტალური შესწავლა, ტექნიკურ - ეკონომიკური კუთხით ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად საპროექტო (სახარჯთაღრიცხვო) - სამშენებლო სამუშაოების წარმოება. შემსყიდველთან შეთანხმებით, საორიენტაციო მოცულობები და მონაცემები შესაძლებელია შეიცვალოს დეტალური სახარჯთაღრიცხვო პროექტის მომზადების დროს",- ვკითხულობთ დოკუმენტში. 

აქვე აღნიშნულია ისიც, რომ პროექტირებისა და მშენებლობის საერთო ხანგრძლივობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით არაუმეტეს 220 კალენდარულ დღეს შეადგენს.

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა. 12 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ყოფილ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც 2018 წლიდან მიტოვებული იყო, ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის მინისტრთან და GITA -ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან ერთად წარადგინა. 

დაპირების მიხედვით, პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსებული პირველი ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული- სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები. ასევე, VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის. 

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორც შენობის შიგნით, ასევე გარე პერიმეტრზე, თუმცა, კონცეფციის მიხედვით, ცვლილება არ შეეხება ყოფილი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზს და ის პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს.

ცენტრის მოსაწყობად, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე უნდა გაიხსნას, 12 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

ხუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინსტიტუტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს.ნ2012 წლის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ მმართველი გუნდი, ქალაქს, პარლამენტის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტს ჰპირდებოდა. მათ შორის, საპოლიციო ჰაბის და საკონფერენციო დარბაზის მოწყობას. ბოლოს კი (2022 წელს), მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდებოდა. 

პარლამენტის გაუქმებით, ქუთაისისთვის სასიცოცხლო ფუნქციის წართმევას ადგილობრივები წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ. აქტივისტები სხვადასხვა პერფორმანსით ქუაისში საკანონმდებლო ორგანოს დაბრუნებას ითხოვდნენ. ექვსი წლის შემდეგ კი ხელისუფლება, რომელსაც დაპირებების შესრულება არ სჩვევია, ქალაქს ტექნოლოგიურ ჰაბს ჰპირდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.