ბაღდათში, ბიზნეს განვითრებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის
ბაზაზე, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით, ღვინის პირველი ევროსტანდარტის
ლაბორატორია გაიხსნა.
ლაბორატორია არა მხოლოდ იმერეთის რეგიონის მეღვინეებს, არამედ მთელი
დასავლეთ საქართველოს ღვინის მწარმოებლებს მოემსახურება.
"ბაღდათში ღვინის ლაბორატორიის გახსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოს
საჭიროებებს მოემსახურება, მნიშვნელოვანი მაგალითია, რომ ევროკავშირი
და წევრი სახელმწიფოები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს რეგიონების
მიმართ. ინვესტიციის მიზანია, მდგრადი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს
ადგილობრივ მოსახლეობას, რაც გულისხმობს, რომ გაუმჯობესებული ღვინის
ხარისხი და შემცირებული ხარჯები გაზრდის მეწარმეთა ფინანსურ
სარგებელს. გარდა ამისა, მოცემული ინიციატივის შემუშავება და
განხორციელება მართლაც ევროპული მოვლენაა, რომელიც აერთიანებს
ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადეობასა და
პროფესიულ სასწავლებლებს",- განაცხადა GIZ პროექტის მთავარმა
ხელმძღვანელმა ჰოვარდ ჰარდინგმა.
მისივე განცხადებით, ღვინის ხარისხის სერტიფიცირების სერვისებზე
მომსახურება აქამდე მხოლოდ თბილისში იყო ხელმისაწვდომი, რაც იმერელი
მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებლებისთვის გარკვეულ წინაღობას ქმნიდა
და დაკავშირებული იყო ტრანსპორტირების ხარჯებთან. ჰოვარდ ჰარდინგის
თქმით, ამიერიდან რეგიონში ადგილობრივი მეღვინეებისთვის ღვინის
წარმოების სხვადასხვა ეტაპზე დროული ლაბორატორიული მომსახურება
მარტივი, სწრაფი და ეფექტური შესაძლებლობა გახდება, რაც ზოგადად
დასავლეთ საქართველოში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებას შეუწყობს
ხელს.
ღვინის ლაბორატორია პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული
განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების
კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში გაიხსნა.
აღნიშნულ 4-წლიან პროგრამას GIZ-ი, ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს
დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით,
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთან პარტნიორობით ახორციელებს, რათა გამოავლინოს
გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ
რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო
სვანეთი.
GIZ-ის ინფორმაციით, პროექტის მიზანია მოხდეს არსებული, მაგრამ
აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და
სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, ამ პროგრამის
მნიშვნელობა წარმოადგენს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში
რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის
მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად
გადასვლას ამჯობინებენ.
იმერეთის რეგიონში არაერთი პროექტია განხორციელებული, რომელიც
საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა. რომ არა
დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების დიდი
ნაწილი არც განხორციელებულიყო.
ამავე თემაზე:
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა, ევროკავშირისგან, ორ
წელში, 2 მილიონ 409 263 ლარი მიიღო
მასალის გამოყენების პირობები