ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც "საზოგადოებრივი მაუწყებლისგან"
ეთერის დათმობას მოითხოვდნენ, აცხადებენ, რომ მაუწყებელთან
შეთანხმდნენ და პირდაპირ ეთერს უახლოეს დღეებში აუცილებლად დაუთმობენ.
ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ტარიელ მიქაცაძე და გიორგი ნეფარიძე
იყვნენ შესული.
"ჩვენი აქ მოსვლის მიზანი გახლდათ, დაეთმოთ ეთერი, რათა უფრო მეტი დრო
გვქონდეს სასაუბროდ, მეტად მივაწვდინოთ ჭიათურის გაჭირვება სრულიად
საქართველოს. შევხვდით ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს,
ვისაუბრებთ, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ აუცილებლად იქნება პირდაპირი
ეთერი, უბრალოდ გვჭირდება დაგგემვა. დაგვიკავშირდებიან, არის
საკონტაქტო დატოვებული.
ასევე ეცდებიან, გავიდნენ კონტაქტზე კომპანიის ხელმძღვანელებთან
ან მთავრობის წარმომადგენლებთან. ჩვენი თხოვნაა, ვინმე დაგვისხდეს
ისეთი ადამიანი, ვინც გადაწყვეტს პრობლემას, ან თუნდაც იმ სიმართლეს
ვეტყვით, რასაც ვაჟღერებთ ამ ხნის განმავლობაში",- განაცხადა ტარიელ
მიქაცაძემ.
მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში 28 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ
უწყვეტად მიმდინარეობს. გუშინ, 24 მარტს, ისინი თბილისში ჩავიდნენ და
მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. შემდეგ კი მსვლელობით
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ძველი შენობისკენ გადაინაცვლეს.
მაღაროელები აცხადებდნენ, რომ პირველი არხი მათ პრობლემებსა და
პროტესტს სათანადოდ არ აშუქებს, ამიტომ ისინი პირდაპირ ეთერს
ითხოვდნენ.
ჭიათურაში საპროტესტო აქციები 28 თებერვლიდან დაიწყო. მაღაროელები,
ადგილობრივებთან ერთად, მადნის მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან
მანგანეზისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს
მართვაში გადაცემას ითხოვენ. მშრომელები ხუთი თვეა უმუშევრები არიან,
ბოლო ორი თვე კი ხელფასიც არ აუღიათ.
"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საწარმოების დახურვის შემდეგ, 3500-ზე მეტი
მაღაროელი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ჭიათურელებს
აღარ აქვთ საკვების ფული, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს და
ბანკის ვალებს. ქალაქი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მაღაროშია
დასაქმებული, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინაშეა.
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა", რომელიც ჭიათურაში 2006 წლიდან
მოიპოვებს წიაღისეულს, 7 მარტს განაცხადა, რომ მაღაროებში სამუშაოები
აღარ განახლდება, ერთ კვირაში კი სასამართლოს, საწარმოს გაკოტრების
აღიარების მოთხოვნით მიმართა.
ფოტო: მაუწყებელი
მასალის გამოყენების პირობები