თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ჭიათურელი მაღაროელების
სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
მაღაროელებმა დედაქალაქში დღეს, 24 მარტს, გადმოინაცვლეს.
მას შემდეგ რაც მათი 25-დღიანი პროტესტით ხელისუფლება არ დაინტერესდა,
მშრომელებმა გადაწყვიტეს, "ოცნების" წარმომადგენლებისთვის თავიანთი
ხმა უფრო ახლოდან მიეწვდინათ.
ისინი მთავრობის კანცელარიასთან საქართველოს დროშებით, ბანერებითა
("მაღარო ქვეყანას, მოგება ხალხს") და შეძახილებით "ჭიათურას
გაუმარჯოს" მივიდნენ.
"პირველი და აუცილებელი მოთხოვნაა ის, რომ სამი თვის დავალიანება
ხელფასებისა, ბანკების და სადაზღვეოს პრობლემები უნდა მოგვარდეს. ეს
არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დღეს ჭიათურისთვის. შემდეგი
მოთხოვნაა, მთავრობამ გადაიბაროს პასუხისმგებლობა. კომპანია "ჯორჯიან
მანგანეზმა" დატოვოს ჭიათურა და მუშათა კლასის წარმომადგენლობა უნდა
იყოს ჩართული მაღაროების დაგეგმარების და სახელმძღვანელო მართვის
ნაწილში",- განაცხადა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.
მაღაროელების სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ შუქრუთელებიც, რომელთა
თქმითაც "ჯორჯიან მანგენეზმა" ადამიანები შიმშილისთვის გაწირა,
რადგან იქ დასაქმებულები მხოლოდ კომპანიის ხელფასზე იყვნენ
დამოკიდებული. მათ პროცესებში სახელმწიფოს ჩართვა კიდევ ერთხელ
მოითხოვეს.
"კომპანია ადგა და ერთი სმს-ის საშუალებით დაემშვიდობა 3600-მდე
ადამიანს, დარჩენილ დავალიანებასაც არ ურიცხავს მათ. ჩვენ წლებია
ვითხოვთ, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, თუმცა ამ დრომდე,
სამწუხაროდ, კომუნიკაციაზე არავინ გამოსულა. ამიტომ ჩამოვედით აქ,
რახან ამათ არ იკადრეს, რომ იქ [ჭიათურაში] მოსულიყვნენ და თავის
მოქალაქეებს გასაუბრებოდნენ არსებულ პრობლემებზე. ჩამოვედით მთავრობის
კანცელარიასთან და იმედია, აქ მაინც გადადგამენ შესაბამის ნაბიჯს და
გამოგვეხმაურებიან. მოვა მთავრობის წარმომადგენელი, შეგვხვდება და
უშუალოდ ჩვენგან მოისმენს ჭიათურაში არსებულ მდგომარეობას და
პრობლემებს, რადგან მათი განცხადებები მხოლოდ კომპანიის მიწოდებულ
ინფორმაციას ეფუძნება",- განმარტა შუქრუთის მკვიდრმა, გიორგი
ნეფარიძემ.
მაღაროელები როგორც დედაქალაქში, ასევე ჭიათურაში უწყვეტ აქციებს
აანონსებენ, მანამ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ
დაკმაყოფილდება.
ჭიათურაში საპროტესტო აქციები 28 თებერვლიდან დაიწყო. მაღაროელები,
ადგილობრივებთან ერთად, მადნის მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან
მანგანეზისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს
მართვაში გადაცემას ითხოვენ. მშრომელები ხუთი თვეა უმუშევრები არიან,
ბოლო ორი თვე კი ხელფასიც არ აუღიათ.
"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საწარმოების დახურვის შემდეგ, 3500-ზე მეტი
მაღაროელი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ჭიათურელებს
აღარ აქვთ საკვების ფული, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს და
ბანკის ვალებს. ქალაქი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მაღაროშია
დასაქმებული, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინაშეა.
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა", რომელიც ჭიათურაში 2006 წლიდან
მოიპოვებს წიაღისეულს, 7 მარტს განაცხადა, რომ მაღაროებში სამუშაოები
აღარ განახლდება, ერთ კვირაში კი სასამართლოს, საწარმოს გაკოტრების
აღიარების მოთხოვნით მიმართა.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები