დღეს, 24 მარტს, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, ჭიათურელი
მაღაროელების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
მშრომელები ჭიათურიდან დედაქალაქისკენ ავტოკოლონებით უკვე გაემართნენ.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი სამკვირიანი პროტესტით
"ქართული ოცნების" ხელისუფლება არ დაინტერესდა.
"მივდივართ თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან. გელოდებით ყველას,
ვისაც გული შეგტკივათ ჭიათურაზე, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე.
დავდგეთ ყველა ერთმანეთის გვერდში და გავაკეთოთ ერთი დიდი საქმე",-
ამბობენ მაღაროელები.
ჭიათურაში 25 დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. მაღაროელები,
ადგილობრივებთან ერთად, მადნის მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან
მანგანეზისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს
მართვაში გადაცემას ითხოვენ. მშრომელები ხუთი თვეა უმუშევრები არიან,
ბოლო ორი თვე კი ხელფასიც არ აუღიათ.
"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საწარმოების დახურვის შემდეგ, 3500-ზე მეტი
მაღაროელი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ჭიათურელებს
აღარ აქვთ საკვების ფული, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს და
ბანკის ვალებს. ქალაქი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მაღაროშია
დასაქმებული, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინაშეა.
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა", რომელიც ჭიათურაში 2006 წლიდან
მოიპოვებს წიაღისეულს, 7 მარტს განაცხადა, რომ მაღაროებში
სამუშაოები აღარ განახლდება, ერთ კვირაში კი
სასამართლოს, საწარმოს გაკოტრების აღიარების მოთხოვნით მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები