"მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის" ინფორმაციით,
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე, მედიის
წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში,
მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტენდენციის სახე მიიღო
ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელშეშლის,
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ტექნიკის დაზიანების ან
ჩამორთმევის შემთხვევებმა.
"ბოლო პერიოდში ასევე ტენდენციად იქცა საპროტესტო აქციის გაშუქებისას
მედიის წარმომადგენლების დაჯარიმება გზის გადაკეტვის საფუძვლით.
დაფიქსრიდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო ჟურნალისტების
შევიწროებისა და სამსახურიდან გაშვების შემთხვევებიც.
“მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2024 წლის 28
ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ
შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124
ინციდენტი აღწერა, რა დროსაც ჯამში 147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და
ოპერატორი გახდა რეპრესიების სამიზნე. აქედან, 24 რეპორტიორი ერთზე
მეტჯერ დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან/და დაშავდა ფიზიკურად,
დაჯარიმდა ან საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ. ფინანსური ჯარიმა, 5000
ლარის ოდენობით, სავალი გზის გადაკეტვის საფუძვლით, პოლიციამ 17
ჟურნალისტს გამოუწერა",- აღნიშნულია "მედიის, ინფორმაციის და
სოციალური კვლევების ცენტრის" განცხადებაში.
მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის საჯაროდ გავრცელებული
ინციდენტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
cmis.ge
ფოტო: ინტერპრესნიუსი
მასალის გამოყენების პირობები