ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "საქართველოს ახალგარზდა
იურისტთა ასოციაციის" საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება.
საია დავობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი
ოქმის მე-3 მუხლი - თავისუფალი არჩევნების უფლება.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო
ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ
მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი,
ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების
ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება.
საია საჩივარში ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში
არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე
საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი
თავისი შინაარსით პრეცედენტულია და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას,
კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების
დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან
დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა",-
განმარტავენ ორგანიზაციაში.
საპარლამენტო არჩევნები, 26 ოქტომბერს, მასობრივი დაშინებისა და
მოსყიდვის ფონზე ჩატარდა. 16 ნოემბერს კი ცენტრალურმა საარჩევნო
კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა,
რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი
მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება
წარმოდგენილი.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია
აღიარებს. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ოპოზიცია, არასამთავრობო
სექტორი და მოსახლეობის უმრავლესობა.
მასალის გამოყენების პირობები