ახალი ამბები
"შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები"- "გახარია საქართველოსთვის" "ოცნების" ხელისუფლებას მიმართავს
FaceBook
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების პროტესტს განცხადებით ეხმაურება და "ოცნების" ხელისუფლებას მიმართავს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლება წლებია, მოსახლეობას ატყუებს - გასცემს დაპირებებს, რომლებიც რეალურად არ სრულდება.

როგორც პარტიაში განმარტავენ, მაღაროელების შრომითი პირობები, ანაზღაურება და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მუდმივი სპეკულაციის საგნადაა ქცეული, ხოლო სოფელ შუქრუთის დაზარალებული ოჯახები დღემდე მოუგვარებელი პრობლემების წინაშე დგანან.

"წარსულში ჭიათურის საბადოს გაუმჭვირვალე პრივატიზაციამ, შემდგომ კი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის სავარაუდო კორუფციულმა გარიგებებმა არათუ უზრუნველყო რეალური მიზნის მიღწევა, არამედ, შექმნა ადგილობრივი ფეოდალების კასტა. შედეგად, საწარმოს ფუნქციონირებიდან მიღებული სარგებელი მხოლოდ მცირე ჯგუფის კეთილდღეობას მოხმარდა. დღეს, ეს ქაოტური მმართველობა სრულ ჩიხშია მოქცეული – ჭიათურის მაღაროები გაჩერებულია, ხოლო დასაქმებულები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ეს კრიზისი, ეხება არა მხოლოდ ჭიათურელ მაღაროელებს, არამედ ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ათასობით დასაქმებულსაც. თუ მდგომარეობა დროულად არ მოგვარდა, ზესტაფონის საწარმოს მუშაობა შეიძლება საბოლოოდ შეჩერდეს, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს სოციალური პრობლემებს მთელს რეგიონში.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი სრულად სოლიდარულია ჭიათურელების სამართლიანი პროტესტის მიმართ. 2024 წლის დასაწყისში, ჩვენმა პარტიამ უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურას, გამოეძიებინა, რატომ ვერ შესრულდა ის მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დაიწყო საწარმოს მართვა. ჩვენ ასევე უკვე წლებია ვსაუბრობთ საწარმოს „რე-ნაციონალიზაციის“ აუცილებლობაზე, რაც გულისხმობს საწარმოს დროებით სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას, მის ფინანსურ გაჯანსაღებას და შემდგომ აქციების ნაწილის გადაცემას როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე დასაქმებულთა ჯგუფისათვის. აღნიშნული ინიციატივა ასახულია პარტიის საარჩევნო პროგრამაშიც. დღეს კი, უკვე ვხედავთ, რომ სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ჭიათურისა და მსგავს საწარმოებში დასაქმებული ადამიანების ინტერესების რეალურად დაცვა",- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. 

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები, გამჭვირვალედ დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაასრულოს არსებული კრიზისი, "რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ჭიათურის მოსახლეობის, არამედ მთელი რეგიონის სოციალურ სტაბილურობას".

ჭიათურაში მე-15 დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მშრომელები, რომლებიც ოთხ თვეზე მეტი მაღაროებში სამუშაოების განახლებას ელოდებოდნენ, სამსახურის გარეშე დარჩნენ. "ჯორჯიან მანგანეზთან" დაკავშირებულმა კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" განაცხადა, რომ მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.

მაღაროელების თქმით, კომპანიის ეს გადაწყვეტილება 3500-ზე მეტ ადამიანს და მათ ოჯახებს შემოსავლის გარეშე ტოვებს. ამბობენ იმასაც, რომ კომპანიას არ უნდა მისცენ საშუალება, მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით გააგრძელოს.

ჭიათურაში საპროტესტო აქციები 28 თებერვლიდან დაიწყო. მაღაროში დასაქმებულებს ქალაქის სხვა მცხოვრებლებიც უერთდებიან.

მშრომელებმა უნდობლობა გამოუცხადეს ჭიათურაში მადნის მომპოვებელ კომპანიას "ჯორჯიან მანგანეზს" და ქალაქიდან მისი გასვლა მოითხოვეს. ისინი "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათ პროტესტს ხელისუფლება ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა 1,334 მლნ.
აშშ დოლარამდე 2024 წლის მდგომარეობით და მოსალოდნელია, შემცირება
მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდეს.
14:00 / 13.03.2025
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა 1,334 მლნ. აშშ დოლარამდე 2024 წლის მდგომარეობით და მოსალოდნელია, შემცირება მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდეს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს
ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
13:49 / 13.03.2025
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.