ახალი ამბები
"პოლიტიკური არასტაბილურობა, არასაკმარისი სამუშაო ძალა"- EU-მა საქართველოში ბიზნეს კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
FaceBook
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.

კერძოდ, ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება:

1. პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ზეგავლენას ახდენს ბიზნეს გარემოზე.

2. სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა: გამოკითხული კომპანიების თითქმის ნახევარი აღნიშნავს უნარების დეფიციტს, რაც იწვევს სამუშაოს შესრულების მხრივ 5-40%-იან და წლიური მშპ-ის 26%-იან დანაკარგს.

3. მერყევი სავალუტო გაცვლითი კურსი: სავალუტო კურსის არასტაბილურობა პრობლემებს უქმნის ბიზნესს ფინანსური დაგეგმვისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას.

გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში, ბიზნესმა გამოხატა შეშფოთება კორუფციასა და არაეფექტურ მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რაც, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კიდევ უფრო ართულებს საინვესტიციო კლიმატს.

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება არის კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი, რამაც გამოიწვია ბიზნესების წლიური შემოსავლის 55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი. მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს. მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, პერსონალის შიდა ტრენინგებში ინვესტირება ბიზნესისათვის დადებით შედეგებს იძლევა, რაც ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების განვითარება მდგრადობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტის ზეგავლენა:

მშპ-ის დანაკარგი: -26% წლიურად;

დამატებული ღირებულების დეფიციტი: -21.2 მილიარდი ლარი;

არარეალიზებული ბიზნეს შემოსავალი: -55.6 მილიარდი ლარი;

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორად რჩება, ევროკავშირში ექსპორტი 2023 წელს 18%-ით შემცირდა, ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო:

ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის მაღალი ხარჯები; ევროპული სერტიფიცირების აკრედიტებული ლაბორატორიების ნაკლებობა; ბიზნესის მიერ მარეგულირებელი ჩარჩოების შეზღუდული ცოდნა;

გარდა ამისა, მცირე და საშუალო საწარმოები, ზრდის მიუხედავად, კვლავაც აწყდებიან არასაკმარისი ეკონომიკური შენატანების პრობლემას და მათი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე პრობლემად რჩება",- ვკითხულობთ ანგარიშში. 

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო და საგანმანათლებლო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობა ბიზნესის ნდობის გასაზრდელად. წერია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რათა უნარების განვითარების პროგრამები ბაზრის მოთხოვნებზე იყოს მორგებული. ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური პოლიტიკისა და სავაჭრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში.

"საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ევროკავშირის ანგარიში კომპლექსურ სურათს ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მას ჩრდილავს პოლიტიკური გაურკვევლობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და სავაჭრო ბარიერები. იმპულსის შესანარჩუნებლად, საქართველომ უნდა გადაჭრას ეს სტრუქტურული პრობლემები – განსაკუთრებით სამუშაო ძალის განვითარების კუთხით – გრძელვადიანი სტაბილურობის და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად",- აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების
პროტესტს განცხადებით ეხმაურება და
17:09 / 13.03.2025
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების პროტესტს განცხადებით ეხმაურება და "ოცნების" ხელისუფლებას მიმართავს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა 1,334 მლნ.
აშშ დოლარამდე 2024 წლის მდგომარეობით და მოსალოდნელია, შემცირება
მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდეს.
14:00 / 13.03.2025
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა 1,334 მლნ. აშშ დოლარამდე 2024 წლის მდგომარეობით და მოსალოდნელია, შემცირება მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.