"ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურელ
მაღაროელებს საწარმოს ფინანსურ კრიზისამდე მიყვანაში
ადანაშაულებს.
ჭიათურაში მადნის მომპოვებელი კომპანია, ქალაქში მიმდინარე პროტესტს
მეექვსე დღეს ეხმაურება და ვრცელ
წერილს აქვეყნებს. "ჯორჯიან მანგანეზი"
აცხადებს, რომ კომპანია უკიდურეს ფინანსურ კრიზისამდე თანამშრომლების
რამდენჯერმე გაფიცვამ, ხელფასების ზრდამ და შუქრუთელების მიერ
მაღაროების პიკეტირებამ მიიყვანა. შედეგად, მაღაროებში მადნის
მოპოვება არარენტაბელური გახდა.
"2019 წლიდან 2024 წლამდე,
თანამშრომლების სამი ფართომასშტაბიანი გაფიცვის, მოსახლეობის მხრიდან
მუდმივი ხელშეშლისა და მოპოვებითი სამუშაოების პარალიზების
მიუხედავად, დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასის ფონდი თვეში 3
მილიონი ლარიდან 8.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. [...] საბოლოოდ,
მსოფლიო ბაზარზე კონცენტრატის ფასის კლების პარალელურად, ჭიათურაში
მიწისქვეშა მოპოვების თვითღირებულების მუდმივმა ზრდამ და ხელფასების
მატებამ, კომპანია უკიდურეს კრიზისამდე მიიყვანა. წამგებიან კომპანიას
ბანკებმა დამატებითი სესხების გაცემაზე უკვე უარი უთხრეს. სწორედ ეს
გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც კომპანიამ დასაქმებულებს 2025
თებერვლის თვის 60% ვეღარ გადაუხადა", - ნათქვამია
განცხადებაში.
კომპანია კიდევ ერთხელ აქვეყნებს
სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტში ჩართული ადამიანების სახელებს
და გვარებს და უთითებს თანხებს, რომლებიც მისი თქმით, კომპენსაციის
სახით ჩაერიცხათ.
"2024 წელს შუქრუთელებმა
მემორანდუმის პირობა დაარღვიეს და კომპენსაციების განმეორებით აღების
მოტივით, შუქრუთის მოსახლეობამ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები
გადაკეტა. პროცესი დააორგანიზა იმავე ჯგუფმა, რომელიც ჯერ კიდევ 2021
წლის პროტესტის ორგანიზატორებად გვევლინებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ
ადამიანებს სრულად ჰქონდათ აღებული კომპენსაცია. გიზიარებთ შუქრუთის
პროტესტის ინიციატორების სიას და ჩარიცხული კომპენსაციების ოდენობას,
რაც საბანკო ამონაწერებით დასტურდება:
•გიორგი ნეფარიძე - 96,814 ₾
•ღენტორ გაფრინდაშვილი - 250 858
₾
•რომან მეგრელიშვილი - 105, 031
₾
•ჯუმბერი ცუცქირიძე - 85, 000 ₾
•ჯანიკო ლაბაძე - 185, 738
₾
შუქრუთელები, რომლებსაც ერთი წელია
შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები აქვთ პიკეტირებული, აცხადებენ, რომ
მათ კომპენსაცია არ მიუღიათ, ჩაერიცხათ მხოლოდ ავანსი.
"ჯორჯიან მანგანეზი" წერს, რომ
სრულად ამოწურეს საკრედიტო რესურსები, მაღაროებში კი მადნის მოპოვება
ფინანსურად წამგებიანია.
"2024 წელს DMT-ის მიერ მომზადებული
დასკვნით დასტურდება, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად
წამგებიანია! რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:
1. მადნის დაბალი ხარისხი და აქედან
გამომდინარე, გადამუშავების შედეგების
დაბალი ეფექტიანობა;
2. მანგანუმის კონცენტრატის ფასების
სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
3. შრომით ბაზარზე და ხარჯვით
მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა
და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
4. ინვესტიციების განხორციელება
არაეფექტიანია",- წერია განცხადებაში.
ექვსი დღის წინ, ქალაქში დაწყებულ
პროტესტს, კომპანია საბოლოოდ ისევ შუქრუთელებს
უკავშირებს.
"ხელფასის დაგვიანების გამო,
კომპანიამ ჭიათურაში მორიგი გამოსვლა მიიღო, რაც საბოლოოდ შუქრუთის
მოსახლეობასთან ერთობლივ პროტესტში გადაიზარდა. მათი მთავარი მოთხოვნა
კი ქალაქიდან ინვესტორის გასვლაა", - წერს "ჯორჯიან
მანგანეზი".
წერილი ისე სრულდება, რომ მასში
არაფერია ნათქვამი რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს კომპანია
მაღაროელების მოთხოვნების საპასუხოდ.
ჭიათურაში მეექვსე დღეა საპროტესტო
აქციები მიმდინარეობს. მაღაროში დასაქმებულებს, რომლებიც ოთხი თვეა
უმუშევრები არიან, ქალაქის სხვა მცხოვრებლებიც შეუერთდნენ. 4 მარტს,
მაღაროელებმა ექვსპუნქტიანი მოთხოვნები წამოაყენეს. მშრომელები
თავს მოტყუებულად გრძნობენ, აღარ აპირებენ "ჯორჯიან მანგანეზთან"
მუშაობას და კომპანიის ქალაქიდან გასვლას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები