ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ,
კვლავ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის საჩივარი, რომლითაც
უფლებადამცველები მის პატიმრობიდან გათავისუფლებას
ითხოვდნენ.
ადვოკატებმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მეორედ
მიმართეს.
პირველ შემთხვევაშიც, ქუთაისის მეორე ინსტანციის
სასამართლომ საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა.
მანამდე, ადვოკატებმა, იგივე
მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც მიმართეს, რომელმაც 14
იანვარს ჟურნალისტს პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, მხარის შუამდგომლობა
სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტია
დაკავებულია. იგი დაკავების დღიდან შიმშილობდა; იღებდა მხოლოდ წყალს.
18 თებერვალს, შიმშილობის 38-ე დღეს, მან პროტესტის უკიდურესი ფორმით
გამოხატვაზე უარი თქვა და კლინიკა "ვივამედიდან", სადაც ის 4
თებერვლიდან იმყოფება, შიმშილობის შეწყვეტის შესახებ წერილი
გამოგზავნა.
"არ მინდა ჩემმა შიმშილობამ
დაგასუსტოთ. თქვენ, ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ", - წერს მზია
ამაღლობელი.
მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის
შეწყვეტას წინ უძღოდა კლინიკა "ვივამედის" დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის
განცხადება იმის შესახებ, რომ არსებობდა მზია ამაღლობელის
ჯანმრთელობის სწრაფად დამძიმების მაღალი რისკი, რაც, შესაძლოა
ლეტალურად დასრულებულიყო. ამასთანავე, ზურაბ ჩხაიძემ მოითხოვა
პატიმარი ჟურნალისტის მკურნალობაში რეანიმატოლოგის ჩართვა, რაც
განსაკუთრებით საგანგაშო სიგნალი იყო მზია ამაღლობელის ოჯახის
წევრებისა და კოლეგებისთვის.
პატიმარი ჟურნალისტი ახლა
მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. იგი ეტაპობრივად აღადგენს
კვებას.
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის"
დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მიმდინარე წლის 12 იანვარს დააკავეს. მისი სისხლის სამართლის საქმეზე
პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტსაა ჩანიშნული.
პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც
ჟურნალისტს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები