ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის"
დამფუძნებლის მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის
შესახებ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის"
განცხადებით, სააპელაციომ მზია ამაღლობელის საჩივარი მის მიმართ
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების თაობაზე დაუშვებლად
სცნო.
ორგანიზაციის ცნობით, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა და სააპელაციო
სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება უნდა
გაეუქმებინა.
საიას ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაცვის მხარეს არ ჩაბარებია
დასაბუთებული განჩინება, ამდენად, უცნობია რა დასაბუთებით დატოვა
სასამართლომ პატიმრობაში მზია ამაღლობელი.
"აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შეცვლის
შესახებ ადვოკატებმა საჩივარი ჯერ კიდევ 2025 წლის 15 იანვარს, 17:45
საათზე წარადგინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. კანონმდებლობის
შესაბამისად, საჩივარი მატერიალური სახით ჩაბარდა ბათუმის საქალაქო
სასამართლოს, რომელიც ვალდებული იყო საჩივრის მიღებიდან დაუყოვნებლივ
უზრუნველეყო მისი გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა,
კანონმდებლობის ეს უპირობო მოთხოვნაც კი არ შესრულდა ჯეროვნად და
სასამართლომ საჩივრის გაგზავნა შეაფერხა 4 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება
საბოლოოა და ქვეყნის შიგნით იგი აღარ საჩივრდება",- აღნიშნულია საიას
განცხადებაში.
საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, მზია ამაღლობელის პატიმრობის
გამოყენების საკითხი, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში
ბრალდებულის წინასასამართლო სხდომაზე კვლავ გადაიხედება.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მას „პოლიციელზე
თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა
შეუფარდა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.
21 იანვარს მზია ამაღლობელი მოინახულა საქართველოს სახალხო დამცველმა
ლევან იოსელიანმა. ის იმედოვნებდა, რომ ქუთაისის სააპელაციო
სასამართლო მხედველობაში მიიღებდა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში
მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებდა მზია ამაღლობელის მიმართ
პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე,
ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
ფოტო: ბათუმელები
მასალის გამოყენების პირობები