მზია ამაღლობელის ადვოკატები, ბათუმის საქალაქო
სასამართლოს, პატიმარი ჟურნალისტისთვის პატიმრობის გაუქმების
შუამდგომლობით მიმართავენ.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასამართლოს, რომელმაც 34 დღის წინ
მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, შესაძლებლობა აქვს თავისივე
შეცდომა გამოასწოროს. ადვოკატები ახლა გადაწყვეტილების მოლოდინში
არიან. თუ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დასაშვებად ცნო
შუამდგომლობა, მაშინ ჩაინიშნება ზეპირი მოსმენა. სასამართლოს
გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათი აქვს.
პატიმარი ჟურნალისტის უფლებადამცველები საუბრობენ
მისთვის პატიმრობის შეფარდების არაკანონიერებაზე. მათი თქმით, 14
იანვარს, მოსამართლემ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდების
საფუძვლად ორი გარემოება დაასახელა - ერთი იყო მოწმეებზე შესაძლო
გავლენის მოხდენა, რაც გამოირიცხა, რადგან, საქმეზე დამატებით მხოლოდ
პოლიციელები არიან დაკითხულები, რომლებმაც იდენტური ჩვენებები მისცეს;
და მეორე - მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, რაც ადვოკატების თქმით
არ დასტურდება, რადგან ოქმი, რომელიც მზია ამაღლობელის დაპატიმრებამდე
შედგა, იყო ყალბი და მზიას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.
მზია ამაღლობელი დაკავების მომენტიდან, 34 დღეა
შიმშილობს. 4 თებერვლის შემდეგ, იგი სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4
მარტსაა ჩანიშნული.
გამოცემების "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი"
დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო
შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.
აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და
აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის
პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი
დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას
ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე:
"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი
კლინიკაში რჩება
მასალის გამოყენების პირობები