ახალი ამბები
"გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ ეს ტბა" - პარლამენტის ყოფილ შენობასთან ხელოვნური ტბა ეწყობა
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბის მოწყობა იგეგმება. 
ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, რომელიც პროექტის შესრულებაზეა პასუხისმგებელი. 

როგორც კასრაძემ განმარტა, საქართველოს პარლამენტის მუშაობის დროს გარე ხელოვნურ ტბას არასოდეს უფუნქციონირებია, ამიტომ, მისი აღდგენა გადაწყვიტეს. 

"ჭაბურღილს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამუშაოები, დავასრულეთ მისი გაწმენდაც და ახლა მიმდინარეობს წყლის მცირე ნაკადით მიწოდება იმისთვის, რომ დადგინდეს წყლის ხარისხი. ამ წყალს ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები და აქედან მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მოხდება მისი ნაკადის გაზრდა და მთლიანად შეივსება გარე ხელოვნური ტბა“, - აღნიშნა "ჯიტას" ხელმძღვანელმა.


ამ ადგილას უნდა მოეწყოს ხელოვნური ტბა

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ტბა პარლამენტის ქუთაისში გადატანის დროს მოეწყო, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არათუ  ტბა, მიმდებარე ტერიტორიაც მოუვლელი და მიტოვებული იყო. 

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის, ავთანდილ კასრაძის თქმით, პარლამენტის ყოფილ შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

"შენობის აღმოსავლეთ მხარეს, ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ოღასკურას შემოღობვის სამუშაოები. უახლოეს მომავალში დაიწყება სრულმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიის გამწვანებას და სკვერის მოწყობას. რაც შეეხება შენობის დასავლეთ მხარეს, უკვე მოეწყო სარეკრეაციო ზომა, რომლით სარგებლობა უკვე შეუძლია ადგილობრივ მოსახლეობას",- განმარტა ავთანდილ კასრაძემ. 


სარეკრეაციო ზონა პარლამენტის შენობის დასავლეთ მხარეს


რაც შეეხება თვითონ პარლამენტის ყოფილ შენობას, სადაც ტექნოლოგიური ჰაბი უნდა განთავსდეს, "ჯიტას" ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს შენობის გაგრილების სისტემის სრული რეაბილიტაცია და "ახალი სიმძლავრეებისა და იატაკის გაგრილების დამატება".

ავთანდილ კასრაძის თქმით, არქიტექტურის ჯგუფის მიერ მუშაობენ შიდა ინტერიერის განახლებულ დიზაინზეც.

"დაგეგმილია საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკონფერანციო დარბაზის, სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცის, სატრენინგო და ვორქშოპების ოთახების მოწყობა; ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიების მუზეუმის გახსნა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შევიძინეთ 50-მდე ექსპონატი", - განმარტა კასრაძემ. 

ის ირწმუნება, რომ სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს, იმისათვის რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნას. 

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა. 12 ოქტომბერს, 2024 წლის საპარლამენტო  არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ყოფილ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც 2018 წლიდან მიტოვებული იყო, ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის მინისტრთან და GITA -ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან ერთად წარადგინა.

დაპირების მიხედვით, პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსებული პირველი ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული- სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები. ასევე, VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორც შენობის შიგნით, ასევე გარე პერიმეტრზე, თუმცა, კონცეფციის მიხედვით, ცვლილება არ შეეხება ყოფილი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზს და ის პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს. ცენტრი 2025 წლის შემოდგომაზე უნდა გაიხსნას. შესაბამისი სამუშაოებისთვის რამდენიმე ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა. მხოლოდ საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციისთვის ჯამში 21 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ხუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინსტიტუტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. 2012 წლის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ მმართველი გუნდი, ქალაქს, პარლამენტის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტს ჰპირდებოდა. მათ შორის, საპოლიციო ჰაბის და საკონფერენციო დარბაზის მოწყობას. ბოლოს კი (2022 წელს), მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდებოდა.

პარლამენტის გაუქმებით, ქუთაისისთვის სასიცოცხლო ფუნქციის წართმევას ადგილობრივები წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ. აქტივისტები სხვადასხვა პერფორმანსით ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს დაბრუნებას ითხოვდნენ. 


ამავე თემაზე:


21 მლნ-მდე ლარის და 1.7 მლნ ევროს ღირებულების ტენდერები პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოჰაბის მოსაწყობად

მთავრობა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტის ყოფილი შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად გადასაკეთებლად ტენდერებს აცხადებს

ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ნაცვლად - რა მიიღო ქუთაისმა ექვსი წლის შემდეგ

"ქუთაისში, პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას" - პრემიერი


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:12 / 21.02.2025
"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიის შემზღუდავი კანონის ინიციირებას 24 თებერვალს გეგმავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ
ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.
12:47 / 21.02.2025
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელების მიერ ჟურნალისტების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.