გამოცემა "ნეტგაზეთი/ბათუმელები" დამფუძნებელი მზია
ამაღლობელი 21 დღეა შიმშილობს.
პატიმარი ჟურნალისტი მისმა უფლებადამცველმა მაია მწარიაშვილმა
მოინახულა. ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელი ახლა უფრო ნელა მოძრაობს
და საუბრობს, ვიდრე ბოლო მონახულების დროს, 29 იანვარს. ადვოკატის
თქმით, მოშიმშილე ჟურნალისტი არ ითხოვს კლინიკაში გადაყვანას და
ამბობს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია გაუძლოს.
"ამბობს, რომ არა, ჯერ ვუძლებ, არ შეწუხდეთ, კიდევ
გავუძლებ და როცა ვერ გავუძლებ, მაშინ გეტყვით. რაიმე დახმარებას არ
ითხოვს, სადმე გადაყვანას არ ითხოვს, ამბობს, რომ არა, ვუძლებ", -
თქვა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მაია მწარიაშვილმა.
რამდენიმედღიანი მოთხოვნის შემდეგ, უფლებადამცველებს
ჩაბარდათ პატიმარი ჟურნალისტის სამედიცინო დოკუმენტაცია.
მზია ამაღლობელი 31 იანვარს მოინახულა სახალხო
დამცველის წარმომადგენელმა და ექიმმა.
"ექიმი გაესაუბრა მზია ამაღლობელს, გაეცნო მის
სამედიცინო დოკუმენტაციას და გაესაუბრა პენიტენციური დაწესებულების
სამედიცინო პერსონალს.
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე
დამაკმაყოფილებელია. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას
დაკავებამდე ჰქონდა
ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის
ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი", - წერია სახალხო დამცველის
აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება კონსილიუმის შეკრებას, სახალხო დამცველი
ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნა არც მზია ამაღლობელს, არც მის ოჯახს და
არც მის კანონიერ წარმომადგენლებს არ დაუყენებიათ. ასეთი აუცილებლობის
გამოვლენის შემთხვევაში, აპარატი განიხილავს დამატებითი
სპეციალისტების მოწვევის საკითხს.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. მან
ციხიდან რამდენიმე წერილი გამოაგზავნა, სადაც წერდა, რომ არ შიმშილობს
შეღავათების მისაღებად, არამედ ეს არის მისი პროტესტი იმ
უსამართლობაზე, რაც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში შექმნა.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო
შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.
აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და
აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის
პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი
დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას
ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები