ზესტაფონში, ყოფილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო
მესაკუთრეების განცხადებით, მათ ქონებას ანგრევენ.
8 კერძო მესაკუთრე, რომელთაც ამ ტერიტორიაზე მაღაზიები აქვთ, ამბობენ,
რომ მათი საკუთრების ხელყოფა გუშინ გვიან ღამით და გაუფრთხილებლად
დაიწყო. როგორც მესაკუთრეები აცხადებენ, იმ ადგილზე, სადაც მათი
მაღაზიებია სილიკო-მანგანუმის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს.
"გუშინ გაუფრთხილებლად მოიყვანეს მძიმე ტექნიკა და დაიწყეს დანგრევა.
სილიკო-მანგანუმს თხრიან. შესაძლებლობაც არ მოგვცეს, რომ საქონელი
გამოგვეტანა. არავითარი მოლაპარაკება, რომ რაიმე ანაზღაურება მაინც
მოეცათ. ერთ-ერთ მეპატრონეს 1000 ლარი შესთავაზეს. მოგვიტანეს
ხელშეკრულება, სადაც წერია რომ 7 დღით ადრე უნდა შატყობინონ
მეპარტონეს. ხელის მოწერას არ ვაპირებთ ამ ხელშეკრულებაზე. არავინ
ყურადღებას არ გვაქცევს, ასეთი უმსამართლობა ხდება," - ამბობს
ერთ-ერთი მაღაზიის მესაკუთრე, მაია ეჯიბაძე.
მაღაზიის მესაკუთრეების ინფორმაციით, სილიკო-მანგანუმის მოპოვების
სამუშაოებს შპს "გ.მ." ახორციელებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს "გ.მ" 2014 წელს
დარეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი აკაკი
გვალია გახლავთ.
ქუთაისიპოსტი დაუკავშირდა კომპანიას, სადაც აცხადებენ, რომ
სილიკო-მანგანუმის მოპოვებისათვის შესაბამისი ლიცენზია გააჩნიათ. რაც
შეეხება მესაკუთრეების ზარალის ანაზრაურებას, აკაკი
გვალია აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა
მესაკუთრეების მხრიდან არაადექვატური რეაგირება მიიღეს.
"არაფერს არ ვანგრევთ. ეს არის ცრუ ინფორმაცია. თვითონ არიან
მომპარავები და მომპოვებლებიც. ნახეთ მიწის ქვეშ როგორი გვირაბები
აქვთ გაკეთებული და რადგან აწი ამის საშუალება არ ექნებათ, ამი გამო
წინააღმდეგობას გვიწევენ. თითქმის მეორე უბანს ვამთავრებ ზესტაფონში
და ყველა კმაყოფილია. ეს ხუთი კაცი რა გახდა ასეთი. პატარა მაღაზიები
აქვთ და უნდათ ჩემგან ფულის შოვნა," - აცხადებს აკაკი გვალია.
კომპანია "გ.მ." წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ მესაკუთრეების
წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები