21 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას,
სამოქალაქო აქტივისტები განცხადებით ეხმაურებიან.
ისინი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს
ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი, რა დროსაც ათობით აქციის მონაწილე
დაშავდა და ნაძვის ხე ღონისძიებების გარეშე გაანათოს.
"ქუთაისის მერიამ, ქვეყანაში მიმდინარე რთული პოლიტიკური,
კონსტიტუციური და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისების ფონზე, 21
დეკემბერს, ქალაქში, ნაძვის ხის საზეიმო ანთება დაანონსა. ეს მაშინ
როცა, დედაქალაქში, რეპრესიების, ძალადობის და არაადამიანური
მოპყრობის შედეგად 500-მდე ადამიანია დაშავებული.
მოვუწოდებთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, იხელმძღვანელოს თბილისის
მერიის გადაწყვეტილებით და ღონისძიებების გარეშე გაანათოს ნაძვის ხე,
ვინაიდან ცენტრალური მოედანი ახლოსაა ქუთაისის მერიის შენობასთან,
სადაც ყოველდღე, უწყვეტად, რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამო
იკრიბებიან ადამიანები. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის
გადაწყვეტილება, საზეიმო ვითარებაში აანთოს ნაძვის ხე, აღქმული იქნება
პროვოკაციად, რომელიც საზოგადოების გაღიზიანებას ისახავს მიზნად.
მოვითხოვთ აანთოთ ნაძვის ხე ღონისძიების გამართვის გარეშე", -
ამბობენ აქციის მონაწილეები.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მიმართვის მიუხედავად, ნაძვის ხეს,
გეგმისამებრ გასართობი ღონისძიებების ფონზე გაანათებენ.
ქვეყანაში და ქალაქში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიუხედავად,
ქუთაისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება და 21
დეკემბერს, 19:00 საათზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს
საზეიმო ვითარებაში ანთებს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ 21 დეკემბერსაა დაგეგმილი დედაქალაქში
ქუთაისელების მარშიც.
ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 23-ე
დღეა მიმდინარეობს.
მოქალაქეები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის
თანახმადაც, „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე
ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს.
დემოსტრანტები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციის მიმდინარეობისას
დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
პროტესტის ფონზე, ქუთაისის მერია ნაძვის ხეს 21
დეკემბერს აანთებს
მასალის გამოყენების პირობები