ქუთაისის საკრებულომ, "გუბერსკის ციხისა" და საკონსერვო ქარხნის
ყოფილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა.
მერიის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო
ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის,
მამუკა კუბლაშვილის განცხადებით, განისაზღვრა კ1 და კ2 კოეფიციენტები,
რაც გულისხმობს სართულიანობას და იმას, თუ რა მოცულობის შენობის
აგებაა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე დასაშვები.
კუბლაშვილის თქმით, გუბერსკის ციხის შემთხვევაში კოეფიციენტი კ2-ის
ნაწილში 1.8-დან 3.0-მდე გაიზარდა, რაც შეეხება სართულიანობას, ექვს
სართულზე მეტი არ იქნება.
"ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე კორპუსი აშენდება და ასეთი დათქმაა, რომ
6 სართულზე მეტი სიმაღლის არცერთი მათგანი არ იქნება. ამის შემდგომი
ეტაპი არის პროექტის დამუშავება",- განმარტა მან.
რაც შეეხება საკონსერვო ქარხნის ყოფილ ტერიტორიას, რომელიც 13 მიწის
ნაკვეთს მოიცავს, მამუკა კუბლაშვილის თქმით, აქედან 12-ზე
საცხოვრებელი ფართების მშენებლობა იგეგმება, ერთი კი, რომელიც მერიის
საკუთრებაშია, ფაქტობრივად, ამ ნაკვეთებამდე მისასვლელი
გზაა.
"დამტკიცდა აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის ბოლო
ვარიანტი, სადაც კოეფიციენტები განისაზღვრა. კ1 არის 0.5, კ2 კი
რამდენიმე მიწის ნაკვეთის მიმართ სხვადასხვაა. სართულიანობა
საშუალოდ 5-6-ია, თუმცა ამის შეთანხმება, საბოლოოდ, პროექტირების
ეტაპზე მოხდება",- განმარტა მამუკა კუბლაშვილმა.
"გუნერსკის ციხის" შენობისა და საკონსერვო ქარხნის ყოფილი ტერიტორიის
განაშენიანების გეგმის დოკუმენტები "ქუთაისიპოსტმა" მოიპოვა.
დოკუმენტის მიხედვით, „გუბერსკის ციხის" ყოფილ შენობას
დაანგრევენ და მის ადგილზე საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსი
აშენდება.
ასათიანის ქუჩის №96-სა და მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე
(საკონსერვოს ყოფილი ტერიტორია) კი, მაღალი კლასის მრავალბინიანი
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. განაშენიანების
დეტალური გეგმის
კონცეფციის დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩაზე
სულ 15 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა განთავსდეს.
საუბარია 79 502 კვ მ (დაახლოებით 8 ჰა-მდე) ფართობის ტერიტორიაზე,
სადაც საცხოვრებელ ფუნქციასთან ერთად, თავს მოიყრის კომერციული
ფართები და დახურული ავტოსადგომები.
დოკუმენტაცია შპს „ლუჯი ჰაუსის“, შპს „ალგა ჯგუფის“, შპს „ჯი ენდ
ჯისა“ და შპს „ქუთაისი დეველოპმენტ გრუპის“ დაკვეთით არის
დამუშავებული. სწორედ ეს ოთხი კომპანია აშენებს ასათიანის ქუჩაზე
საცხოვრებელ კომპლექს.
საკონსერვო ქარხნის ყოფილი ტერიტორია მერიამ გასული წლის ივლისში 88
050 00 ლარად გაყიდა, მიმდინარე წლის მარტში კი საკრებულომ აღნიშნული
ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე ნებართვა გასცა.
რაც შეეხება ტაბიძის ქუჩაზე არსებულ "გუბერსკის ციხის"შენობას,
რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ქონების ეროვნულმა
სააგენტომ ობიექტი გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. საწყისი
ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ
დაინტერესებულა. შემდეგ კი ქონება ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით
კოსტავამ შეიძინა. კოსტავამ 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1
750 000 ლარი გადაიხადა. ქუთაისის ბიუჯეტმა აქედან თანხის მხოლოდ 35%
მიიღო, დანარჩენი კი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.
ამავე თემაზე:
საკრებულომ "გუბერსკის" ციხისა და საკონსერვოს ყოფილი
ტერიტორიის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა
რა უნდა აშენდეს საკონსერვო ქარხნის ყოფილ
ტერიტორიაზე - განაშენიანების გეგმა
"გუბერნსკის ციხის" ყოფილ შენობას დაანგრევენ - რა
წერია ტერიტორიის განაშენიანების გეგმაში
მასალის გამოყენების პირობები