ქუთაისში, „გუბერნსკის ციხის" ყოფილ შენობას დაანგრევენ და მის
ადგილზე საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება.
აღნიშნულის შესახებ იმ დოკუმენტში წერია, რომელიც „ქუთაისიპოსტმა“
მოიპოვა.
ასე წერია სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების
სააგენტოს მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნაში, რომელიც ქუთაისის
მერიის ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის
მომართვის (მიმდინარე წლის 2 მაისს) საფუძველზე მოამზადა. თავის
მხრივ, მერიის შესაბამის სამსახურს განცხადებით სამუშაოების
შემსრულებელმა კომპანიამ, შპს "ზიარ არქიტექტურამ", ობიექტის
მეპატრონის, ანუ დავით კოსტავას დაკვეთით მიმართა. ახლა ჯერი ქუთაისის
საკრებულოზეა, რომელმაც ტერიტორიის განაშენიანების აღნიშნული
დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს.
დოკუმენტის მიხედვით, გ. ტაბიძის ქუჩაზე (N39ა-ს სამხრეთით მდებარე
9196 კვ.მ. ფართობის ტერიტორია) მდებარე მიწის ნაკვეთზე 6-სართულიანი
მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა მოეწყოს, მასთან
არსებული კომერციული ფართებით.
დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ სსიპ - სივრცითი და
ქალაქთმშენებობითი განვითარების სააგენტოს მიერ „გუბერნკის ციხის“
ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თვალსაზრისით მისაღებია.
ასეთი უნდა იყოს საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც
"გუბერნსკის ციხის" ადგილას უნდა აშენდეს
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე "გუბერნსკის ციხის" სახელით ცნობილი შენობა
ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ქონების ეროვნულმა სააგენტომ
ობიექტი გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. საწყისი ფასი 3 490
000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა.
შემდეგ კი ქონება ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ შეიძინა.
კოსტავამ 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი
გადაიხადა. ქუთაისის ბიუჯეტმა აქედან თანხის მხოლოდ 35% მიიღო,
დანარჩენი კი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.
###
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე "გუბერნსკის ციხეს" საინტერესო
ისტორია უკავშირდება. ციხის ყოფილი ორსართულიანი შენობა მე–19
საუკუნეში აშენდა.
თავდაპირველად ობიექტი სხვა დანიშნულების იყო. თუ როდის გახდა
სასჯელაღსრულების დაწესებულება, ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია,
მხოლოდ ის, რომ შენობაში ციხემ ფუნქციონირება მე–20 საუკუნიდან
დაიწყო, სადაც სასჯელს 1903 წელს იოსებ სტალინიც
იხდიდა.
"გუბერნსკის ციხის'' საპყრობილე 650 მსჯავრდებულზე იყო გათვლილი. რაც
შეეხება სახელს, მასზე მაშინდელი რუსეთის იმპერიის გავლენა იგრძნობა,
„გუბერნსკი“ - საგუბერნიო ციხეს ნიშნავს.
ციხემ ფუნქციონირება 2005 წელს შეწყვიტა. მაშინ როცა, ავტოქარხნის
დასახლებაში N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდა.
ამავე თემაზე:
რატომ
უნდა შევინარჩუნოთ და რისი სიმბოლოა "გუბერსკის ციხე" - ინტერვიუ
დავით ხვადაგიანთან
მერიამ "გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობის ტერიტორიაზე
განაშენიანების გეგმის შესამუშავებლად ნებართვა გასცა
"ახალმა მეპატრონემაც ვერ უშველა "- რა ბედი ელის
"გუბერნსკის ციხის" ყოფილ შენობას
ქუთაისში "გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობა
გაიყიდა
მასალის გამოყენების პირობები