თავისუფლების ლიტერატურა - ეს საკითხი გახდა მთავარი განხილვის
თემა შეხვედრაზე, რომელიც USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის
ფარგლებში ქუთაისში გაიმართა.
მომხსენებლებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის
ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარინე სალდაძემ და მწერალმა დავით
ტურაშვილმა თავისუფლების ცნება ხედვის სხვადასხვა ჭრილიდან
გააშუქეს - როგორ განიხილავს თავისუფლებას სამართალი და როგორ ხედავს
მას ლიტერატურა.
"როდესაც ვსაუბრობთ თავისუფლებაზე როგორც ღირებულებაზე, თავისუფლება
არ არის ის, რასაც ახლახან მივხვდით და ახლახან გავიაზრეთ. მთელი
კაცობრიობის ისტორიამ დაგვიდასტურა ის, რომ თავისუფლება არის მთავარი
ღირებულება რისთვისაც გვიწევს ბრძოლა და რისთვისაც ღირს ბრძოლა", -
აღნიშნა დარინე სალდაძემ.
დარინე სალდაძემ თავისუფლების დიდ ქარტიაზე, იგივე მაგნა კარტაზე
ისაუბრა, რომელიც შეიქმნა ინგლისში 2015 წელს და იგი მიიჩნევა
თანამედროვე კონსტიტუციური სამართლის ჩამოყალიბების წინაპირობად.
მომხსენებელი შეეხო პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, რომელიც
თავისუფლების პარალელურად ჩნდება და არანაკლებ მნიშვნელობას
იძენს.
„თავისუფლება უფლებათა უფლებაა, მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ
თავისუფლებაზე, ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზეც. თავისულფება არ
არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე. ეს არის თვითკონტროლის კულტურის
სწავლება თავისუფლება სთან ერთად. თავისუფლებას აქვს თავისი დიაპაზონი
და ეს დიაპაზონი შემოსაზღვრული არის სხვა ადამიანების თავისუფლებით",
-აღნიშნა დარინე სალდაძემ.
ორივე მომხსენებელმა ისაუბრა ქართული საზოგადოების მძიმე
გამოცდილებაზე, რომელიც საბჭოთა პერიოდმა გააჩინა, იმ ტოტალურმა
კონტროლმა, რომელიც თავისუფლების სივრცეებს ყველგან კეტავდა.
"პოსტ საბჭოთა ქვეყანა ვართ საბჭოთა გამოცდილებით. სადაც არ არსებობდა
თავისუფლება. ყველაფრის თავიდან სწავლა გვიწევს პატარა ბავშვივით ფეხს
რომ აიდგამს", - აღნიშნა მწერალმა.
დავით ტურაშვილის თქმით, საქართველოში დამოუკიდებლობის დეკლარაცია
არაერთხელ მიუღიათ, მაგრამ პრობლემა არა დოკუმენტებში,არამედ სადღაც
სხვაგან იძებნება.
"ჩვენ ჯერ ვერ გავხდით თავისუფალი ქვეყანა თავისუფალი სახელმწიფო იმის
გამო, რომ პირველ რიგში თავისუფლება არის აზროვება... რამდენიმე წლის
წინ დავწერე თავისუფალი ადამიანი, რომელსაც გარეკანზე ახატია სოკო
ნიყვი. და რატომ ნიყვი? აღმოვაჩინე ამ სოკოს უნიკალური თვისება.
ადამიანს ხომ ყველაფერი მოჰყავს სათბურებში ერთადერთი რისი მოყავანაც
არ შეუძლია არის ნიყვი. იმიტომ რომ ნიყვი თუ ა რ იზრდება თავისუფალ და
ბუნებრივ გარემოში კარგავს ყველა იმ თვისებას, რაც მას აქვს.
წარმოიდგინეთ ნიყვს და სოკოს როცა ასე სჭირდება თავისუფლება, ადამიანს
როგორ დასჭირდება თავისუფლება~, - თქვა მწერალმა.
თავისუფლების უმთავრესი გამოხატულებაა სიტყვის თავისუფლება. საბჭოთა
გამოცდილება განსაკუთრებული მტრობით გამოირჩეოდა სიტყვის
თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის მიმართ.
"ვინ იყო მტერი? ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა. და მტერს რა უნდა
უყო? უნდა მოკლა. ასე ფიქრობდნენ საბჭოეთში. განსხვავებული
შეხედულებების მქონე ადმიანებს მტრებად აცხადებდნე და შემდეგ მათი
მოკლა უკვე სრულიად გამართლებული იყო. მტერი იმისაა რომ უნდა
გაანადგურო. ასე გაანადგურეს ქართული საზოგადოების საუკეთესო
ნაწილი.
შესაბამსიად საბჭოთა გამოცდილება რა არის? ის, რომ არ ასებობდა
განსხვავებული აზრი. იყო ერთი ჭეშმარიტება, რომელიც სადღაც კრემლში
იწერებოდა და ყველა მას უნდა დამორჩილებოდა. განსხავვებული აზრის
მიმართ მტრული დამოკიდებულება დარჩა პოსტ საბჭოთა საზოგადოებაშიც", -
აღნიშნა ტურაშვილმა.
მწერლის თქმით, დღესაც პოლიტიკურ სივრცეში შეინიშნება განსხვავებული
აზრის მიუღებლობის ტენდენცია.
"არ სჯერათ რომ შოთა რუსთაველის ქვეყანა ვართ. რომელმაც თქვა, გვაქვს
უთვალავი ფერითა. რაც განსხვავებულის, არატიპიურისა და
მრავალფეროვანის მიღებას გულისხმობს," - მიაჩნია მწერალს.
მწერალ დათო ტურაშვილის პირველი რომანი 1988 წელს დაიბეჭდა. მისი
ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია "ჯინსების თაობა", რომლის სცენური
ვერსიის პრემიერა 2001 წელს თავისუფალ თეატრში გაიმართა. ტურაშვილის
ცნობილ ნაწარმოებთა შორისაა "ნაცნობი და უცნობი ამერიკა" (1993),
სამგზავრო წერილების კრებული "კატმანდუ" (1998), და კინოსცენარები.
დღეისთვის მას 12 წიგნი აქვს გამოცემული.
მასალის გამოყენების პირობები