ახალი ამბები
"მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის საქმეა" - პრემიერი შუქრუთის მოსახლეობის პროტესტზე
FaceBook
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შუქრუთში მცხოვრებლების პროტესტს გამოეხმაურა, რომლებიც ექვს თვეზე მეტია, ხელისუფლებისგან პროცესებში ჩართულობას ითხოვენ.

კობახიძე განმარტავს, რომ მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის საქმეა. მეტიც, ის ირწმუნება, რომ აქციის მონაწილეებს კომპანიისგან ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვს მიღებული.

„ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან. თუ რამე დამატებით არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ, მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ეს არის ის ინფორმაცია, რაც გვაქვს დღემდე. კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

პროტესტის მონაწილე გიორგი ნეფარიძე კი პრემიერს მოუწოდებს, შეხვდეს მათ, მოუსმინოს და არ დაეყრდნოს მხოლოდ კომპანიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

"ბატონი პრემიერი დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ჩვენ ამიტომაც ვითხოვთ, რომ სამი მხარე დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან: კომპანია, დაზარალებული სოფლის მოსახლეობა და სახელმწიფო. იქ გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები, ორივე მხარიდან მიწოდებული ინფორმაციებისა და დოკუმენტაციების შესაბამისად",- ამბობს გიორგი ნეფარიძე. 

შუქრუთში მცხოვრებლების ნაწილი მესამე დღეა, პარლამენტთან აქციას მართავს. მათმა პროტესტმა თბილისში მას შემდეგ გადმოინაცვლა, რაც სოფელში გამართული აქციების მიუხედავად, მოთხოვნები არ დაუკმაყოფილეს. ისინი უკვე 13 დღეა შიმშილობენ. 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.



მოსახლეობა ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ამიტომ, მოითხოვენ ,,ჯორჯიან მანგანეზისგან” ზიანის ადეკვატურ ანაზღაურებას, ამ პროცესებში კი ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას.

"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამბობენ, რომ ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა. ამასთან, კომპანია, ნაცვლად პრობლემების მოგვარებისა, სოფელ შუქრუთში მცხოვრებ იმ ადამიანებს უჩივის, რომლებსაც კომპანიის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლები ენგრევათ.

შუქრუთელების მდგომარეობა, მედიასაშუალებების გარდა, ამ დრომდე არავის მოუკითხავს, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, არც გუბერნიის ადმინისტრაციიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან. მათ შორის არც რუსულ კანონზე ხელმომწერ, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძეს.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.