სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 176 დღეა, კოროხნალის
მაღაროსთან უწყვეტ აქციას მართავენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს.
მას შემდეგ რაც, მათი ექსთვიანი პროტესტით არავინ დაინტერესდა,
შუქრუთში მცხოვრებმა ოთხმა ადამიანმა პირი ამოიკერა და შიმშილობა
დაიწყო. მათთან ერთად, ამ დროისთვის, კიდევ ოთხი ადამიანი
შიმშილობს.
"ოთხ ადამიანს აქვს პირი ამოკერილი, სუსტად გრძნობენ თავს. სიახლე
არაფერია, არც ამის შემდეგ შეგვხმიანებია ვინმე. გვაქვს შემდეგი
ნაბიჯებიც დაგეგმილი, თუმცა ამას ჯერჯერობით არ გავასაჯაროვებთ",-
განმარტა ადგილობრივმა გიორგი ნეფარიძემ.
შიმშილობის დაწყებასა და პირის ამოკერვას წინ უძღვოდა აქცია-მსვლელობა
სოფელ ჭორვილაში. შუქრუთში მცხოვრებლებს სურდათ, "ოცნების" საპატიო
თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის მიეწვდინათ ხმა, რომ
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" პირისპირ მარტო არ ყოფილიყვნენ და ამ
პროცესებში ცენტრალურ ხელისუფლებას მედიატორის როლი შეასრულებინა.
თუმცა, ჭორვილას შესასვლელში საგანგებოდ მობილიზებულმა პირებმა,
სამართალდამცავებთან ერთად, მათ სოფელში შესვლის და ივანიშვილის
სახლთან მისვლის უფლება არ მისცეს.
ამის შემდეგ შუქრუთელებმა მთავრობას მოთხოვნის შესასრულებლად ვადა
პირველ სექტემბრამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის
უკიდურესი ფორმით გაგრძელება - პირის ამოკერვა და შიმშილობის დაწყება
დააანონსეს, თუმცა ხელისუფლებას არც ამაზე ჰქონია
რეაგირება.
თითქმის ექვსი თვეა, შუქრუთში მცხოვრებლები ღამეებს კარავში ათევენ,
თუმცა გაფიცულების მდგომარეობა ამ დრომდე არავის მოუკითხავს, არც
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, არც გუბერნიის
ადმინისტრაციიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან. მათ შორის არც
რუსულ კანონზე ხელმომწერ, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის
მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ წლების მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით
მოპოვების შედეგად, დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები, ეზოები,
სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ, ისინი
კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვენ.
"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომელიც
კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და
თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით,
სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა. ამასთან, კომპანია, ნაცვლად
პრობლემების მოგვარებისა, სოფელ შუქრუთში მცხოვრებ იმ ადამიანებს
უჩივის, რომლებსაც კომპანიის საქმიანობის შედეგად
საცხოვრებელი სახლები ენგრევათ.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც
გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ
შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო
კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის
კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
ამავე თემაზე:
"1-ლი სექტემბრიდან მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას,
ვიკერავთ პირს და ვიწყებთ შიმშილობას"- შუქრუთში
მცხოვრებლები
მასალის გამოყენების პირობები