ქუთაისში "გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობა, რომელიც ჯერ კიდევ 2021
წელს გაიყიდა, ისევ უფუნქციო და მიტოვებულია.
დაანგრევენ თუ არა ციხის ყოფილ შენობას, ან რა მოეწყობა ტერიტორიაზე,
ამის გასარკვევად შენობის მეპატრონეს დავით კოსტავას დავუკავშირდით,
თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
თუმცა, ქუთაისის მერიაში "გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობის
ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე ნებართვა უკვე
გასცეს.
"წამოვიდა მენაშენე ინიცირებით, რომ ქალაქმა მისცეს ნებართვა,
დაიწყოს ამ დოკუმენტების მომზადება. ეს ტერიტორია ერთ-ერთი ნაწილია
ქალაქის ცენტრის და ეს ფართო დოკუმენტი იქნება. პირველ რიგში, ალბათ,
საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა დაგეგმარდეს, ისე რომ არ შეიქმნას კოლაფსი
რამდენიმე ხანში",- განმარტა მერიის სივრცის დაგეგმარების,
ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, რა ფუნქციური დატვირთვა ექნება თვითონ ციხის ყოფილ
შენობას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა აღნიშნულ ადგილზე
მრავალსართულიანი შენობა ვერ აშენდება.
"ერთ-ერთი საფუძველი იმისი, რომ აქ წამოსულიყვნენ
განაშენიანების დეტალური გეგმით, ის იყო, რომ სართულიანობაც უნდა
შეჯერდეს და შეთანხმდეს ხელისუფლებასთან. აქ ჩვენ არ უნდა გვქონდეს
ილუზია, რომ მრავალსართულიანი, დიდი შენობა იქნება. ეს იქნება სადღაც
5-6 სართულის ფარგლებში, სავარაუდოდ, მაგრამ ეს მხოლოდ ინიცირებაა და
დანარჩენი უკვე ვანდოთ ქალაქს, არქიტექტორებს და პირველ რიგში,
დამკვეთს, როგორ შეთანხმდებიან ხელისუფლებასთან",-
განმარტავს კუბლაშვილი.
მისივე თქმით, განაშენიანების დოკუმენტის შედგენას დაახლოებით 2-3 თვე
დასჭირდება, შემდეგ კი მშენებლობის ეტაპი დაიწყება. ამასთან,
კუბლაშვილის განმარტებით, ყველა ეტაპი მერიისა და საკრებულოს
გარდა, ეკონომიკის სივრცითი დაგეგმარების სიპთანაც შეთანხმდება.
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე "გუბერნსკის ციხის" სახელით ცნობილი შენობა
ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ქონების ეროვნულმა სააგენტომ
ობიექტი გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. საწყისი ფასი 3 490
000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა.
შემდეგ კი ქონება ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ შეიძინა.
კოსტავამ 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი
გადაიხადა. ქუთაისის ბიუჯეტმა აქედან თანხის მხოლოდ 35% მიიღო,
დანარჩენი კი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.
ამავე თემაზე:
"ახალმა მეპატრონემაც ვერ უშველა "- რა ბედი ელის
"გუბერნსკის ციხის" ყოფილ შენობას
რა ისტორია უკავშირდება "გუბერნსკის ციხის" ყოფილ
შენობას
ქუთაისში "გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობა გაიყიდა
ქუთაისში “გუბერნსკის ციხის” ყოფილი შენობა
იყიდება
მასალის გამოყენების პირობები