კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სოფელ შუქრუთში მცხოვრებ იმ
ადამიანებს უჩივის, რომლებსაც კომპანიის საქმიანობის შედეგად
საცხოვრებელი სახლები ენგრევათ.
საუბარია სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებზე, რომლებიც
უკვე 71-ე დღეა, კომპანიის საქმიანობის გამო გარემოსა და საცხოვრებელ
სახლებზე მიყენებულ ზიანს აპროტესტებენ და ღამეს კარვებში ათევენ.
მათ ინტერესებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატი ვლადიმერ
ქუთათელაძე იცავს, მოსარჩელე კი შპს „მაღაროელია“, „ჯორჯიან
მანგანეზის“ ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი.
ვლადიმერ ქუთათელაძის თქმით, მოსარჩელე ითხოვს, რომ შუქრუთელებს
აეკრძალოთ მაღაროს მუშაობის ხელის შემშლელი ქმედებების განხორციელება
(ფაქრობრივად პროტესტის უფლება) და ამასთან, ოთხი წლით ჩამოერთვათ
კერძო საკუთრებაში არსებული სახლები და მიწის ნაკვეთები. მისივე
განმარტებით, ეს მოთხოვნები ყოველგვარ სამართლიან საფუძველს
მოკლებულია და უფრო მოსახლეობის შესაშინებელი ფაქტორია.
„ითხოვენ, რომ ხელი არ შეეშალოს კომპანიის საქმიანობას. ფაქტობრივად,
უკრძალავენ პროტესტის გამოხატვას, ასევე, მოითხოვენ, 4 წლის
განმავლობაში, მოსახლეობას ჩამოართვან საცხოვრებელი სახლები და იქ
მოიპოვონ მანგანუმი. შეიძლება, ეს არის გარკვეული ფსიქოლოგიური
ზეწოლა, რომელიც დაახლოებით ასე შეიძლება გაიშიფროს: შეწყვიტეთ
პროტესტი და თუ არ შეწყვეტთ, გამოგასახლებთ სახლებიდან. ეს საჩივარი
უსაფუძვლოა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც ითხოვენ საკუთარი,
ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან პიროვნებების გამოსახლეობას 4 წლის
განმავლობაში, როდესაც მოსახლეობას ამ ქონების დათმობის არანაირი
ვალდებულება არ აქვს, თუმცა ამ ქვეყანაში, ყველამ იცის, რომ
გამოსარიცხი არაფერია“, - განმარტავს ადვოკატი.
უნდა აღინიშნოს, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“, სასამართლოში,
ქვეკონტრაქტორ შპს „მაღაროელის“ მეშვეობით, 14 პირს ედავება, საიდანაც
2 გარდაცვლილია.
„2021 წელს, როცა მემორანდუმები გააფორმებინეს, ზოგი შეცდომით, ზოგი
მოტყუებით, ზოგი მიზანმიმართულად, იქ ვინც იყვნენ პირები,
ხელმომწერები, ყველა, სავარაუდოდ, ჩამოწერეს. ოჯახის წევრები, ვინც
თეორიულად ფიგურირებდნენ რეესტრის ამონაწერში, ჩამოწერეს და არ
გადაამოწმეს 2024 წლის მდგომარეობით ყველა ცოცხალი იყო თუ არა. ამ 14
პირიდან აბსოლუტური უმრავლესობა კოროხნალის მაღაროსთან დგას და
აპროტესტებს, დანარჩენები კი მათი ოჯახის წევრები არიან. ყველა ზომას
ხმარობენ, რომ მოსახლეობა როგორმე დაითანხმონ რაღაც მოლაპარაკებებზე,
რაღაც კაბალურ პირობებზე შეთანხმდნენ და რეალურად ამას არანაირი
შედეგი არ მოჰყვეს, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა ხოლმე“,-
განმარტავს ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე.
მისივე თქმით, საქმეს ჭიათურის მაგისტრანტი სასამართლო განიხილავს,
რაც არასწორია, რადგან ქუთათელაძის განმარტებით, აღნიშნული საქმე
განსჯადობით მაგისტრანტს არ ეკუთვნის.
„ამასთან, სარჩელში ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული, რომ აიკრძალოს
პროტესტის გამოხატვა ჭიათურაში. კონკრეტულად რა ადგილას, კონკრეტულად
რა სახის პროტესტის გამოხატვა - სარჩელის მოთხოვნაში მითითებული არ
არის. ზოგადი მოთხოვნებია, ამიტომ, ასეთ დროს, სასამართლო არ ღებულობს
ხოლმე სარჩელს, აკონკრეტებინებს რას ითხოვს. ცოტა ლოგიკური მოთხოვნა
თუ არ დააყენეს, უნდა შეწყდეს ნებისმიერ შემთხვევაში წარმოება, იმიტომ
რომ აბსურდს ითხოვენ. არანაირი დოკუმენტი არ აქვთ და ითხოვენ, რომ
მოსახლეობა საკუთარი ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლონ და 4
წელში გადათხარონ იქ ყველაფერი“,- განმარტავს ადვოკატი ვლადიმერ
ქუთათელაძე.
პრობლემის მოგვარების ნაცვლად, რატომ უჩივლეს ადამიანებს, რომელთა
უმეტესობის სახლები დანგრევის პირასაა? რა ალტერნატივას სთავაზობენ
თუკი მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ და 4 წლით დატოვებენ საცხოვრებელ
სახლებს? - ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად კომპანიის პრესსამსახურს
დავუკავშირდით, სადაც გვითხეს, რომ ოფიციალური წერილით
გვიპასუხებენ.
ორ თვეზე მეტია, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობა
ღამეს კარვებში ათევს და ამ დრომდე მათ უკუკავშირი არც ერთი
უწყებისგან არ მიუღიათ.
მათი თქმით, წლების მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების
შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სახნავ-სათესი
მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ, ისინი კომპანიას მიყენებული
ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზში" კი
ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ,
კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების
ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად
გაიცა.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც
გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ
შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო
კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის
კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
ამავე თემაზე:
"2027 წლამდეც რომ დაგვჭირდეს აქ დგომა, ვიდგებით, არ
დავიღლებით"- პროტესტის 58-ე დღე შუქრუთში
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაინტერესდეს შუქრუთში მიმდინარე
პროტესტით"- საიას განცხადება
ერთთვიანი პროტესტი შუქრუთში და არანაირი
გამოხმაურება ხელისუფლებიდან
პროტესტის 27-ე დღე შუქრუთი - სოლიდარობის ნიშნად ყველა
მაღარო გაჩერებულია
23-ე დღეა შუქრუთში მოსახლეობა ღამეს კარავში ათევს, ხელისუფლება მათ
უყურადღებოდ ტოვებს
სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი მე-11 დღეა
გრძელდება
"არ გვინდა, სოფელი დაგვენგრეს და ჩავარდეს მიწაში"-
პროტესტის მე-7 დღე ჭიათურაში
პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ
შუქრუთში
"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“
გამოვსულიყავით გარეთ"- პროტესტი სოფელ შუქრუთში
მასალის გამოყენების პირობები